5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როდესაც შენს საუკეთესო ეპიზოდს უილიამ დრეიტონ უმცროსი, იგივე Flavor Flav, ასე აღნიშნავს, ეს შეუმჩნეველი არავის რჩება.
ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Public Enemy-ს წევრმა მთელი თავისი ენერგია ლეიკერსის ახალ მოთამაშეს მიუძღვნა.
უბრალოდ გავგიჟდი. როდესაც ეს ჩატენვა დავინახე, ჭკუიდან გადავედი. საკუთარ თავს სახეშიც კი დავარტყი, რადგან ამ მომენტის ვიდეოზე გადაღება ვერ მოვასწარი.
საქმე ისაა, რომ როდესაც მამუკელაშვილი წარმატებას აღწევს, Flav-ს სურს, ეს მომენტი აუცილებლად აღბეჭდოს. მათ შორის ახლო მეგობრობა 2022 წელს, ლას ვეგასში შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ისინი ვახშმის დროს ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ, გაიცნეს ერთმანეთი და მალევე დაუახლოვდნენ.
„მას დღემდე აქვს ჩემი საზაფხულო ლიგის მაისური“, - აღნიშნა მამუკელაშვილმა.
მას შემდეგ Flavor Flav და მამუკელაშვილი მუდმივად ურთიერთობენ. ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმეც კი სწერენ ერთმანეთს ან FaceTime-ის საშუალებით ხანგრძლივად საუბრობენ.
2025 წლის 19 მარტს, როდესაც მამუკელაშვილმა ტორონტო რეპტორსის შემადგენლობაში 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და NBA-ის რეკორდი დაამყარა (გახდა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მათ შორის, ვისაც ერთ მატჩში 20 წუთზე ნაკლები უთამაშია) Flavor Flav მოულოდნელად მატჩისშემდგომ ინტერვიუშიც გამოჩნდა.
საინტერესოა, რომ იმ დღეს რეპერს მაისური ეცვა წარწერით „Lucky Charm“ (იღბლიანი თილისმა).
იმ საღამოს საოცარ ფორმაში იყო. 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა ჩააგდო. მან მითხრა, რომ ეს ყველაფერი ჩემი იქ ყოფნის დამსახურება იყო. გამოდის, მისთვის იღბლიანი თილისმა ვარ. მამამისმაც იგივე მითხრა. მითხრა, რომ სანდრომ ასეთი თამაში მხოლოდ იმიტომ ჩაატარა, რომ მე იქ ვიყავი.
მამუკელაშვილიც აღიარებს, რომ საკმაოდ უჩვეულოა, როგორ დამეგობრდნენ ქართველი კალათბურთელი და ჰიპ-ჰოპის ლეგენდა.
შესაძლოა, Flav-ს სურს, მამუკელაშვილს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიაროს, როგორც წარმატებები, ისე წარუმატებლობები.
შესაძლოა, რეპერს სანდროს რთული გზა იზიდავს, რადგან ქართველს NBA-ში თავის დასამკვიდრებლად დიდი ბრძოლა მოუწია.
ან იქნებ, მათ უბრალოდ ერთმანეთს გაუგეს, ორი გულწრფელი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთში განსაკუთრებული თვისებები დაინახეს.
მისით ძალიან, ძალიან ვამაყობ, რადგან აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გაიარა, გესმით, რასაც ვამბობ? გულწრფელად ვფიქრობ, რომ საუკეთესო რამ, რაც მის კარიერაში შეიძლებოდა მომხდარიყო, სწორედ ლეიკერსში გადასვლა იყო.
Sandro Mamukelashvili‘s biggest fan, Flavor Flav! ⏰ https://t.co/WNomTAtrxz
— NBA (@NBA) October 14, 2026
ლეიკერსის შემადგენლობაში ჩატარებულ 4 წინასასეზონო მატჩში მამუკელაშვილმა საშუალოდ 13 ქულა დააგროვა. მისი სროლების სიზუსტე თამაშიდან 57.1%-ს, ხოლო სამქულიანი დისტანციიდან 58.8%-ს შეადგენს.
ქართველმა კალათბურთელმა უკვე აჩვენა, რატომ გაუფორმა ლეიკერსმა მას მიმდინარე ზაფხულს 4-წლიანი, 52-მილიონდოლარიანი კონტრაქტი.
მამუკელაშვილი შეტევაში მრავალმხრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა. მას შეუძლია, სწრაფი შეტევების დროს დამატებითი გამთამაშებლის ფუნქცია შეასრულოს, თანაგუნდელებს გადაცემებით დაეხმაროს და მეტოქის მცველების აქტიური მოქმედებების წინააღმდეგ ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღოს.
„მის შესაძლებლობებს შემოქმედებითად გამოვიყენებთ. ეს სახალისო იქნება“, - განაცხადა ლეიკერსის მთავარმა მწვრთნელმა ჯეი ჯეი რედიკმა საწვრთნელი ბანაკის მიმდინარეობისას.
მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვის შემდეგ Flavor Flav-მა ტელეფონი ხელში მოიმარჯვა, რათა მომდევნო შეტევაში კიდევ ერთი გამორჩეული ეპიზოდი არ გამოჰპარვოდა.
ის ამას უკვე წლებია აკეთებს. ბოსტონში, მოედნის გვერდით მჯდომი, მამუკელაშვილის თამაშის ეპიზოდებს ტელეფონით იღებდა და მეგობარს ისე ხმამაღლა გულშემატკივრობდა, რომ სანდროს მისი ხმა სელტიქსის გულშემატკივრების ხმაურშიც კი ესმოდა.
ახლა ის ლოს ანჯელესშია და შესაძლებლობა აქვს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს. შეუძლია, თავისი ხასიათი გამოავლინოს და ყველას აჩვენოს, რეალურად რა შეუძლია. ის ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია. უყვარს ხალხი. გულწრფელი და პატიოსანია. ძალიან კარგი ადამიანია, მართლაც შესანიშნავი პიროვნება.
ეს დამოკიდებულება ორმხრივია. ლეიკერსის ახალ მოთამაშესაც განსაკუთრებულად უხარია, როდესაც ეფექტურ ეპიზოდებს NBA-ში თავისი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული გულშემატკივრის თვალწინ ქმნის.
„მას საოცარი ენერგია აქვს. იცით, მან ჩემი კარიერის ყველაზე რთულ პერიოდშიც მნახა. მაშინაც ვიცნობდი, როდესაც გუნდიდან გამათავისუფლეს და მაშინაც, როდესაც შემადგენლობის მე-15 მოთამაშე ვიყავი“, - განუცხადა მამუკელაშვილმა The Athletic-ს.
„მან ჩემი კარიერის ბევრი განსხვავებული ეტაპი ნახა. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ არასდროს დავნებებულვარ. ყოველთვის ვეუბნებოდი: „ყველაფერი გამომივა, მეგობარო. საკუთარ გზას აუცილებლად ვიპოვი“.
როდესაც მამუკელაშვილმა მატჩის ყველაზე სანახაობრივი ეპიზოდი შექმნა, Flavor Flav-ს მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა, ტელეფონის ამოღება დროულად ვერ მოასწრო და მეგობრის შესანიშნავი ჩატენვა ვიდეოზე ვერ აღბეჭდა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები