გოგა ბითაძე და დერიკ ჯონს ჯუნიორი ლეიკერსის სავარაუდო სამიზნეებად სახელდებიან.
ამერიკულ სპორტულ გამოცემა Fadeaway World-ზე დაყრდნობით, The Athletic-ის ჟურნალისტმა დენ ვოიკემ ლოს ანჯელეს ლეიკერსის შესაძლო სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
ჟურნალისტის თქმით, კალიფორნიულმა გუნდმა შესაძლოა დერიკ ჯონს ჯუნიორსა ან ორლანდო მეჯიქის ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის დამატება სცადოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბითაძის ტრანსფერის შემთხვევაში რამდენიმე დაბრკოლება არსებობს. პირველი ფაქტორი გუნდის ლიდერ ლუკა დონჩიჩსა და ქართველ ცენტრს შორის გასულ სეზონში მომხდარი ინციდენტია, თუმცა პოტენციური თანაგუნდელობის შემთხვევაში მხარეები ამ უთანხმოების გადალახვას შეძლებენ.
როგორც ცნობილია, 2026 წლის მარტში, ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და ორლანდო მეჯიქის მატჩის მიმდინარეობისას, ლუკა დონჩიჩსა და გოგა ბითაძეს შორის შეკამათება მოხდა. შეხვედრის შემდეგ სლოვენიელმა კალათბურთელმა განაცხადა, რომ ქართველმა ცენტრმა მისი ოჯახი შეურაცხყო.
თავის მხრივ, ბითაძემ ბრალდება კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ დონჩიჩმა პირველმა გააკეთა სერბულად შეუსაბამო კომენტარები.
მეორე და მთავარი დაბრკოლება სატრანსფერო აქტივებია. ლეიკერსმა უოლკერ კესლერის დამატებისას მომავალი დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანის დიდი ნაწილი დათმო. შესაბამისად, დარჩენილი შეზღუდული რესურსების დახარჯვა სათადარიგო ცენტრზე, რომელიც კესლერის ზურგსუკან ითამაშებს, კლუბის ხელმძღვანელობისთვის ნაკლებად გონივრული ნაბიჯი შეიძლება იყოს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქართველი ცენტრი ორლანდოსთან მოქმედი კონტრაქტით ბოლო სეზონს იწყებს.