როგორ მოიპარა დემბელემ ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
11 მაისს პარიზში, ბრონნიარის სასახლეში საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის დაჯილდოება გაიმართა. საღამოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული - უსმან დემბელეს ზედიზედ მეორედ მიენიჭა. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, ეკუთვნოდა თუ არა ფრანგს ეს აღიარება.
ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოს გარდა, პრიზი კიდევ ხუთ ძირითად კატეგორიაში გათამაშდა:
წლის საუკეთესო გოლის წოდება 16 იანვარს, უსმან დემბელეს მიერ ლილის კარში გატანილმა გოლმა მოიპოვა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა დეზირე დუე.
საუკეთესო მეკარედ ლანსის კიპერი, რობინ რისერი აღიარეს.
საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოც ლანსში წავიდა - პიერ საჟი.
საუკეთესო საზღვარგარეთ მოთამაშე ფრანგი - მაიკლ ოლისე.
წლის სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება: რისერი (ლანსი), მენდეში (პსჟ), სარი (ლანსი), პაჩო (პსჟ), ჰაკიმი (პსჟ), ვიტინია (პსჟ), სანგარე (ლანსი), ტოლისო (ლიონი), გრინვუდი (მარსელი), დემბელე (პსჟ), ტოუვენი (ლანსი).
ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ქართველმა გარემარბმა, ზურიკო დავითაშვილმა მოიპოვა.
დაჯილდოვებაზე არავის უხსენებია კაცი, რომელიც ზაფხულში რენს ანჟერიდან 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ბრეტანიელები ჩემპიონთა ლიგურ საღამოებთან ძალიან ახლოს მიიყვანა - ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი, ესტებან ლეპოლი. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ლეპოლს 20 გოლი უგროვდება. ფრანგი ფორვარდი ლიგა 1-ს გოლს პლუს საგოლე გადაცემის სისტემითაც ლიდერობს (25).
26 წლის ფორვარდმა 33 მატჩიდან 32 ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო - ჯამში 2612 წუთი. შედარებისთვის, უსმან დემბელემ სულ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 9 დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან - ჯამში 960 წუთი. ამ დროში ფრანგმა 10 გოლისა და 6 საგოლე გადაცემის მოგროვება მოახერხა.
კიდევ ერთი კონტენდერი, რომელსაც ზედიზედ მეორე სეზონში ჰქონდა პრეტენზია ლიგის საუკეთესოობაზე მეისონ გრინვუდია. გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მიმდინარე სეზონში 16 გოლის გატანა მოახერხა და ჯერჯერობით მხოლოდ ლეპოლს ჩამორჩება.