როი კინი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის ტიტულს მიმდინარე სეზონში ლონდონის არსენალი მოიპოვებს, მიუხედავად კვირას მანჩესტერ სიტისთან განცდილი მარცხისა (1:2).
სატურნირო ცხრილის ლიდერების ამ გადამწყვეტ დაპირისპირებას მეთოფეები 6-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. თუმცა, წაგების შემდეგ სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა, მანჩესტერელებს კი ლონდონელ მეტოქეზე ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.
მატჩის მე-18 წუთზე რაიან შერკიმ ეფექტური მოქმედებით მასპინძლები დააწინაურა, თუმცა კაი ჰავერტცმა წონასწორობა მალევე აღადგინა, მან მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას შეცდომით ისარგებლა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა გამარჯვების გოლი ერლინგ ჰალანდმა გაიტანა, რომელმაც საათის გასვლის შემდეგ ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი.
თუ ოთხშაბათს მანჩესტერ სიტი ბარნლის დაამარცხებს, პეპ გვარდიოლას გუნდი ლონდონის არსენალს გადაასწრებს და ცხრილის სათავეში მოექცევა. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ახლა ჩემპიონების მხარესაა, მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ვარსკვლავი პროგნოზს არ ცვლის.
Sky Sports-თან საუბრისას კინმა განაცხადა:
ეს არ მაინტერესებს. მე კვლავ არსენალის მხარეს ვრჩები, რა თქმა უნდა, მათ პოზიციას არ ვცვლი. უდავოა, რომ რწმენა ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც მატჩამდე იყო და ინიციატივა ახლა სიტის ხელშია, მაგრამ მაინც არსენალს უნდა დავუჭირო მხარი, რადგან სეზონის დასაწყისში სწორედ ისინი დავასახელე ფავორიტად
კვირას დაფიქსირებული შედეგი ლონდონის არსენალისთვის საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა, რადგან მიკელ არტეტას გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში ღირსეულად ებრძოდა მეტოქეს. მატჩის მიწურულს მათ მასპინძლებზე დიდი ზეწოლა განახორციელეს, კომპენსირებულ დროში კი ჰავერტცს გათანაბრების საუკეთესო შანსი ჰქონდა. ლეანდრო ტროსარის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გერმანელმა ბურთი კარს ზემოთ გადააცილა.
მართალია, ლონდონის არსენალი საჩემპიონო რბოლას უკვე აღარ აკონტროლებს, თუმცა მათ კვლავ აქვთ კარგი შანსი, დაასრულონ ხანგრძლივი პაუზა და ტიტული მოიპოვონ. მორიგ მატჩს გუნდი შაბათს, ემირეიტსზე, ნიუკასლ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს.