მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავი, მარკოს ლიორენტე, ესპანეთში კარგად არის ცნობილი თავისი ალტერნატიული შეხედულებებითა და სხვადასხვა კონსპირაციული თეორიებისადმი ინტერესით.
მაგალითად, ლიორენტეს სჯერა იმის, რომ მთავრობები მოსახლეობას ქიმიური კვალის (chemtrails) მეშვეობით აკონტროლებენ. ის ასევე ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ მზის სხივების ზემოქმედება კანის კიბოს რისკს ზრდის.
ოთხშაბათს ინგლისურმა გაზეთმა The Telegraph-მა გამოაქვეყნა სტატია მისი წინააღმდეგობრივი შეხედულებების შესახებ, სადაც მოყვანილი იყო როგორც თავად ლიორენტეს, ისე ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის ციტატები, რასაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ხუთშაბათს ლიორენტემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ამ სტატიის ფოტო, სადაც მას შემაშფოთებელი ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მან გამოცემას მადლობა გადაუხადა მისი გზავნილის გამოქვეყნებისთვის და აღნიშნა:
რაც უფრო მეტად აკრიტიკებენ აზრიან და შინაარსიან მესიჯებს, მით უფრო შორს ვრცელდება ისინი. მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო მათ ამის ხელშეწყობისთვის.
მან ასევე დასძინა, რომ ყველა არ იმყოფება განვითარების იმ ეტაპზე, რომ გარკვეული რამეები გაიგოს და ვინც იცის, საით მიდის, გზად ხმაურზე დროს არ კარგავს.