ბარსელონა ორი წლის შემდეგ განახლებულ კამპ ნოუზე დაბრუნდა, თუმცა კლუბს დროებით კვლავ მოუწევს მონჟუიკის სტადიონზე გადასვლა.
ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ 2027 წლის ივნისში, სეზონის დასრულებისთანავე კამპ ნოუზე სახურავის მონტაჟი უნდა დაიწყოს. კლუბის ვარაუდით, სამუშაოების ეს ფაზა ოთხიდან ხუთ თვემდე გაგრძელდება.
ეს ვადები საბოლოო არ არის, რადგან მონტაჟის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება ქალაქის მერიის ტექნიკოსების ინსპექტირება და უსაფრთხოების ყველა ნებართვის მიღება, რაც დამატებით დროს მოითხოვს.
შექმნილი გაურკვევლობის გამო, ბარსელონას სჭირდება სათადარიგო გეგმა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩების მასპინძლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იოჰან კრუიფის სტადიონს შეუძლია ერთი ან ორი მატჩის მიღება, ის არ არის შესაფერისი რამდენიმეთვიანი თამაშებისთის. შესაბამისად, კლუბმა მერიას უკვე მიმართა კონსულტაციებისთვის, რათა მონჟუიკის სტადიონის გამოყენება 2028 წლის იანვრამდე ან თებერვლამდე შეძლოს.
ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს შემოსავლების მკვეთრი შემცირების თავიდან აცილებას.