პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია უდიდეს და მარადიულ მადლიერებას გამოხატავს თავისი ლეგენდარული კაპიტნის, კრიშტიანუ რონალდუს მიმართ, რომელმაც დღეს ეროვნული ნაკრებიდან წასვლისა და სანაკრებო კარიერის საბოლოოდ დასრულების შესახებ გამოაცხადა.
,,პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მადლიერებითა და უდიდესი აღფრთოვანებით საჯაროდ აფასებს კრიშტიანუ რონალდუს და მადლობას უხდის მას ჩვენი ქვეყნის სამსახურში გატარებული სრულიად გამორჩეული კარიერისთვის.
ჩვენი კაპიტანი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გამორჩეული სპორტსმენი. ის იყო შთამაგონებელი ლიდერი, თავდადების მაგალითი და ჩვენი ეროვნული ნაკრების სულისკვეთების მთავარი სიმბოლო.
ლეგენდარული სანაკრებო კარიერის განმავლობაში, რომელიც 234 მატჩითა და 146 გოლით გამოირჩეოდა, კაპიტანი საკუთარ მხრებზე ატარებდა ქვეყნის პასუხისმგებლობას, ამყარებდა რეკორდებს და გუნდს ისეთი ისტორიული მომენტებისკენ მიუძღოდა, რომლებიც სამუდამოდ დარჩება პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში.
ოფლის თითოეული წვეთი, ყოველი გადამწყვეტი გოლი და მოედანზე სიამაყით ტარებული კაპიტნის თითოეული სამკლავური ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისურისადმი მის უპირობო სიყვარულს გამოხატავდა.
მისი თავდადება და მემკვიდრეობა საფეხბურთო მოედნის საზღვრებს სცდება.
კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის სახელი ახალ სიმაღლეზე აიყვანა და შთააგონა ახალგაზრდების არაერთი თაობა, რომლებიც მის კვალზე სიარულზე ოცნებობენ. ბევრი ჩვენგანისთვის ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია!
სწორედ ამიტომ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას არ სურს, რომ ამ დამშვიდობებამ სათანადო პატივის მიგების გარეშე ჩაიაროს. ჩვენი მტკიცე და უდიდესი სურვილია, დავგეგმოთ, მოვაწყოთ და აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს დიდებული კარიერის ღირსეული დაფასება იქნება. გვსურს, გულშემატკივრებსა და მთელ ქვეყანას კიდევ ერთხელ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტაშითა და ზეიმით გამოხატონ მადლიერება ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც ამდენი რამ მოგვცა.
მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო! ეს ადგილი ყოველთვის შენი სახლი იქნება! წინ, მე-1000 გოლისკენ!!!" - წერია ფედერაციის განცხადებაში.
,,მადლობა ამ 23 წლისთვის" - რონალდუს სრული გამოსამშვიდობებელი წერილი