ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, GQ-მ პსჟ-ის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია წლის ადამიანად დაასახელა.
გამოცემა ხაზს უსვამს ვინგერის ფენომენალურ თამაშს, რომელიც 20 ოქტომბერს, ბარსელონასთან მატჩში მიღებულმა მძიმე ტრავმამ (ჯვარედინი მყესების დაზიანება) შეაჩერა.
სტატიაში დეტალურადაა განხილული კვარაცხელიას რთული და საინტერესო კარიერული გზა. დინამო თბილისის აკადემიიდან დაწყებული, რუსთავის, ლოკომოტივისა და რუბინის გავლით, ხვიჩამ საკუთარი სახელი ევროპას ნაპოლიში თამაშით გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ევროპული გრანდები მის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდნენ, ბათუმის დინამოდან ნეაპოლში გადაბარგებულმა ქართველმა იტალიის ჩემპიონატი მოიგო, სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა და გულშემატკივრებისგან "კვარადონას" მეტსახელიც დაიმსახურა.
ყველაზე დიდი გარდატეხა მის კარიერაში 2025 წლის იანვარში, პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ მოხდა. ლუის ენრიკეს ფორმაციის პარიზულ გუნდში ქართველმა იდეალურად იპოვა თავისი ადგილი. ევროპული მედია ხაზს უსვამს მის უდიდეს გავლენას, მანჩესტერ სიტისთან გამარჯვებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის 5:0 განადგურებას, სადაც ხვიჩამ მეოთხე გოლი გაიტანა. ფრანგი ჟურნალისტები მას ჩემპიონთა ლიგის "მისტერ პლუსს" და ისტორიაში საუკეთესო ზამთრის ტრანსფერს უწოდებენ.
სპორტული მიღწევების პარალელურად, GQ ქართველი ვარსკვლავის პარიზულ ცხოვრებაზეც ამახვილებს ყურადღებას. თავად ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ პსჟ-ის სტატუსი იმიჯზე ზრუნვასაც მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მან სტილისტი აიყვანა და მოდის სამყაროში მოღვაწე ცნობილ ქართველებთან, ძმებ გვასალიებთანაც დაამყარა კომუნიკაცია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებით, თბილისში ნამდვილი ევროპული საფეხბურთო ზეიმი ჩაიტანა.