საქართველოს ნაკრების წევრი, საბა კვერკველია ყირგიზეთის ჩემპიონატის დებიუტანტ ტოქთოგულის რიგებში ითამაშებს.
ტრანსფერის შესახებ, კვერკველიასთან ერთად ბიშკეკში მყოფი აგენტი, გეგი კიკაბიძე Adjarabet Arena-ს ესაუბრა.
"ყირგიზული ფეხბურთის განვითარება სამთავრობო პრიორიტეტია და ეს ყველაფერი ადგილზე ნათლად შეიმჩნევა. ისეთ ბაზაზე ვარჯიშობენ, ისეთ პირობებს ქმნიან - ფინანსურადაც, ლოჯისტიკურადაც და სპორტული კუთხითაც, რომ ნამდვილად საინტერესო პროექტია საბასთვის.
იყო სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ საბას აქ ჩამოყვანა ლამის ეროვნული მნიშვნელობის იყო და მაქსიმალურად მოინდომეს, რომ საუკეთესო პირობები შეექმნათ.
გუნდის მწვრთნელი, პრეზიდენტი და სპორტული დირექორი პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ ჩვენთან, ტრანსფერი რომ დაეხურათ. კონტრაქტიც 2-წლიანი შემოგვთავაზეს, რაც 33 წლის ფეხბურთელისთვის კიდევ უფრო მეტი დაფასებაა.
ტრანსფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიასა და გულშემარკივრებში. ფაქტი ისაა, რომ საბა არამხოლოდ ამ გუნდის, არამედ მთლიანად ლიგის სახე უნდა იყოს. მოლაპარაკებები აქვთ კიდევ ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებიც ამჟამად საკმაოდ კარგი დონის ევროპულ ლიგებში თამაშობენ", - გვითხრა კიკაბიძემ.
კვერკველია მედიას დღეს წარუდგინეს, 21 იანვარს კი გუნდთან ერთად ანტალიის შეკრებაზე გაემგზავრება.
ტოქთოგული 2021 წელს დაარსდა, გასული სეზონი რანგით მე-2 დივიზიონში გაატარა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.