ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ლა ლიგის მოგების შემდეგ კლუბში საკუთარი მომავალი ოფიციალურად დაადასტურა.
გერმანელი სპეციალისტი კატალონიაში 2028 წლამდე დარჩება.
ნდობა და ახალი მიზნები
ელ კლასიკოში გამარჯვებისა და ტიტულის განაღდების შემდეგ, ფლიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბისგან სრულ მხარდაჭერას გრძნობს:
მადლიერი ვარ კლუბის იმ შესაძლებლობისთვის, რომ აქ 2028 წლამდე ვიმუშაო. ბოლო დღეებში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ სწორ ადგილას ვარ. ახლა დროა, გამარჯვებები გავაგრძელოთ და ჩემპიონთა ლიგის მოგება ვცადოთ
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობა უკვე ჯიბეშია, ფლიკი დარჩენილ სამ ტურში ტემპის დაგდებას არ აპირებს: „ჩვენი მიზანი ახლა 100-ქულიან ნიშნულზე ასვლაა. ამისთვის ყველა მატჩის მოგებაა საჭირო.“
გასახდელის ლიდერები და ტრავმები
ფლიკმა გუნდის წარმატებაში ფეხბურთელების პერსონალურ როლსაც გაუსვა ხაზი. მან განსაკუთრებით გამოარჩია გავის მებრძოლი სული და პედრის კლასი:
გავი გუნდის გულია, მან ვარჯიშების დონე საგრძნობლად ასწია. პედრი კი ლიდერია, როცა ბურთი აქვს. ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რადგან ტრავმების გამო სეზონი რთული გამოდგა - ხშირად გვაკლდნენ ლამინ იამალი, რაფინია თუ ფრენკი დე იონგი. მიუხედავად ამისა, დაცვაში ყველაზე ცოტა გოლი გავუშვით, რასაც არავინ ელოდა