ესპანური მედია არ მალავს თავის დამოკიდებულებას ორელიენ ჩუამენის მიმართ მანჩესტერ იუნაიტედთან სატრანსფერო მოლაპარაკებების ფონზე.
ფრანგმა ნახევარმცველმა შესაძლოა ზაფხულში სანტიაგო ბერნაბეუ დატოვოს, რასაც ხელი შეუწყო გასულ კვირას მადრიდის რეალის გასახდელში მომხდარმა სკანდალმა. ჩუამენის ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა გუნდის კაპიტანთან, ფედერიკო ვალვერდესთან, რის გამოც ურუგვაელს საავადმყოფოში გადაყვანა და ნაკერების დადება დასჭირდა. ინციდენტი ვარჯიშის დროს დაიწყო და გასახდელში გამწვავდა.
რეალში კრიზისია - ვალვერდემ და ჩუამენიმ ისევ იჩხუბეს
ასეთმა საჯარო კონფლიქტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს მანჩესტერ იუნაიტედს, რომელიც ჩუამენის თავის სატრანსფერო სიაში ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილავს. ცნობების თანახმად, წითელმა ეშმაკებმა მადრიდულ კლუბს უკვე მიმართეს ოფიციალური წინადადებით და მზად არიან ფეხბურთელში 70 მილიონი გადაიხადონ.
ამ სკანდალური მოვლენების ფონზე, ჩუამენი კვირას ელ კლასიკოს სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. მატჩი ბარსელონას გამარჯვებით (2:0) და კატალონიელთა მიერ ლა ლიგის ჩემპიონობის მოპოვებით დასრულდა. ჩუამენი მოედანზე საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, რამაც ესპანური მედიის კრიტიკა გამოიწვია:
Marca (5/10): „დაცვაში ჩვეულებრივზე უფრო ცუდი იყო და პასების დროს ბევრ შეცდომას უშვებდა“.
AS: „სტაბილური, თუმცა არა შთამბეჭდავი თამაში მძიმე კვირის შემდეგ. მან ვერ შეძლო ნახევარდაცვის დომინირება, თუმცა ფიზიკური მდგრადობა მაინც შეინარჩუნა“.
Football Espana (5.5/10): გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება. „მას ყველაზე მეტი დარტყმა ჰქონდა (3), თუმცა გაუჭირდა კონტროლის მოპოვება პედრისა და გავის წინააღმდეგ, რომლებიც მასზე ბევრად უკეთესები იყვნენ“.
Managing Madrid (4/10): ყველაზე დაბალი შეფასება, თუმცა ანალიზში მაინც აღნიშნეს მისი კარგი გრძელი პასები და საფრთხე სტანდარტული მდგომარეობების დროს.
Mundo Deportivo: ფეხბურთელის გამოსვლა შეაფასა როგორც „უფერული".