მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მან სიტის და მადრიდის რეალის დებიუტები შედგა.
დღის პირველ შეხვედრაში პეპ გვარდიოლას გუნდმა მაროკოული ვიდადი მშვიდად, ეკონომ-რეჟიმში 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი ქალაქელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს - ფილ ფოდენმა მე-2 წუთზე ანგარიში თავად გახსნა, 42-ზე კი ჟერემი დოკუს გაატანინა.
მატჩის მიწურულს რიკო ლიუისი უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, თუმცა სიტის საქმის ბოლომდე მშვიდად მიყვანა არ გასჭირვებია და მანჩესტერულმა გუნდმა ტურნირზე პირველი სამი ქულა დააგროვა.
გაცილებით მეტ პრობლემას წააწყდა თავის მატჩში მადრიდის რეალი, რომელიც საუდის არაბეთის ალ ჰილალს დაუპირისპირდა.
რეალში სამწვრთნელო დებიუტი ჩაბი ალონსოს ჰქონდა, ალ ჰილალში კი - სიმონე ინძაგის. შეხვედრა საკმაოდ ორმხრივი და დაძაბული გამოვიდა და ფრედ, 1:1 დასრულდა.
მთლიანობაში მადრიდულმა გრანდმა ადამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა და განსაკუთრებით პირველ ტაიმში საუდელები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, 34-ე წუთზე ახალგაზრდა გონსალო გარსიამ შეძლო რეალის დაწინაურება, რომელიც გაციებულ კილიან მბაპეს ცვლიდა ამ შეხვედრაში.
VIDEO: ბრწყინვალე კონტრშეტევა - ჩაბი ალონსოს რეალის პირველი გოლი
თუმცა, რეალის უპირატესობა მხოლოდ 7 წუთს გაგრძელდა - ტაიმის მიწურულს რაულ ასენსიომ საკუთარ საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესი და რუბენ ნევეშმა პენალტიდან ტიბო კურტუას აჯობა.
არადამაჯერებელი თამაშის ფონზეც კი რეალს მატჩის მოგების შანსი მაინც მიეცა, როცა მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში ფრან გარსიაზე თამაშის წესების დარღვევისთვის პენალტი ამჯერად ალ ჰილალის კარში დაინიშნა.
თუმცა, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ფედე ვალვერდემ იასინ ბონოს ვერ აჯობა და შეხვედრა ასეც დასრულდა - ფრედ 1:1.
VIDEO: ფედე ვალვერდეს გაცუდებული პენალტი - ურუგვაელმა ბონოს ვერ აჯობა
რეალმა და ალ ჰილალმა ჯგუფში პირველი ქულები გაიყვეს - მომდევნო ტურში ალონსოს გუნდი მექსიკურ პაჩუკას დაუპირისპირდება, ინძაგის გუნდს კი ავსტრიულ ზალცბურგთან მოუწევს შერკინება.