ინტერ მაიამი მზად არის სატრანსფერო ბაზარი კვლავ აალაპარაკოს.
მას შემდეგ, რაც მოჰამედ სალაჰმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს, მაიამელებმა მისი გაფორმების სურვილი გამოთქვეს. ეს ნაბიჯი მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ მოვლენად იქცეს. საუბარია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურაზე, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება.
გამოცემა Football Insider-ის ინფორმაციით, ინტერ მაიამი სალაჰის უფასოდ აყვანას გეგმავს. კლუბის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ეგვიპტელი ფარაონი ამერიკის ჩემპიონატში იმავე ეფექტს მოახდენს, რაც სონ ჰინ მინმა ლოს ანჯელესში შეძლო.
სალაჰის ტრანსფერი მაიამელთა შეტევას პრაქტიკულად დაუძლეველს გახდის. თუ ის ლიონელ მესის, ლუის სუარესსა და ჟორდი ალბას შეუერთდება, ინტერ მაიამი მომავალ სეზონში საოცარ ძალას წარმოადგენს. თუმცა, ამ გრანდიოზული გეგმის წინაშე მთავარი დაბრკოლება ფინანსური საკითხია. სალაჰის მიერ მოთხოვნილი ასტრონომიული ხელფასი ინტერ მაიამისთვის სერიოზული გამოწვევაა.
კლუბის მენეჯმენტს რთული არჩევანი აქვს: მათ ან ფეხბურთელი უნდა დაითანხმონ ანაზღაურების შემცირებაზე, ან იპოვონ გზები მისი ფინანსური ამბიციების სრულად დასაკმაყოფილებლად. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სალაჰით საუდის არაბეთის კლუბებიც ინტერესდებიან. არაბები მზად არიან, ეგვიპტელის ნებისმიერი მოთხოვნა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეასრულონ.
მოჰამედ სალაჰი ლივერპულში გატარებულ ცხრა წარმატებულ სეზონს ასრულებს. მერსისაიდულ გუნდში მან უამრავი ტიტული მოიგო და კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.