არნე სლოტი სალაჰის კიდევ ორი ტიტულის მოგებას გულშემატკივრობს. ლივერპულის მწვრთნელი ამბობს, რომ ეგვიპტელი სავსებით იმსახურებს იმ თბილ სიტყვებსა და პატივისცემას, რაც მის შოკისმომგვრელ განცხადებას მოჰყვა - სალაჰმა დაადასტურა, რომ მისი ენფილდური ეპოქა ამ ზაფხულს დასრულდება.
ეგვიპტელი ფორვარდი თითქმის ათწლეულის განმავლობაში კლუბის წარმატების ქვაკუთხედი იყო. მწვრთნელის აზრით, ყველას ემოციების ამჟამინდელი მოზღვავება მის გავლენას უსვამს ხაზს. მიუხედავად იმისა, რომ სალაჰის წასვლა დადასტურებულია, სლოტმა აღნიშნა, რომ სალაჰი სრულად კონცენტრირებულია თავის ბოლო დავალებაზე ენფილდზე.
ლივერპულის მწვრთნელი ამბობს:
არის თუ არა ის ფორმაში? დიახ. მან გუშინაც ივარჯიშა და დღესაც, ის მზადაა სათამაშოდ. რაც მისი განცხადების შემდეგ მოხდა სრულად დაიმსახურა. დაუჯერებელი კარიერა ჰქონდა ამ კლუბში, ყოველ სამ დღეში ერთხელ გამარჯვება... ვნახე მისი ფოტო ყველა იმ თასის ფონზე, რომელიც მან მოიგო და იმედი მაქვს, სეზონის ბოლომდე მათ კიდევ ორს შემატებს.
არის თუ არა ეს სტიმული? კლუბისთვის შესაძლოა, მაგრამ მოჰამედისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მან ეს უკვე დაამტკიცა. ის ყოველთვის საუკეთესო ფორმაშია და ეს არ იცვლება. სალაჰმა ყველაფერი გაიღო ამ კლუბისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში.
მოჰამედ სალაჰი ლივერპულს რომადან 2017 წელს შეუერთდა. მას შემდეგ ის მერსისაიდის ფავორიტი გახდა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 435 მატჩში ჯამში 255 გოლი გაიტანა და 122 საგოლე გადაცემა შეასრულა. სალაჰმა ლივერპულში 9 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, პარალელურად კი მრავალი ინდივიდუალური ჯილდო დაიმსახურა ინგლისურ ფეხბურთში.