მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. ეგვიპტელი გარემარბი წლების განმავლობაში აბრწყინებდა ინგლისურ ფეხბურთს. ახლა კი 33 წლის ლივერპულის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ 2025/26 წლების სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს.
ის ამჟამად პრემიერ ლიგის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია. სავარაუდოდ, წასვლამდე სულ ცოტა დააკლდება უეინ რუნის 208-გოლიან ნიშნულამდე, რათა სიაში ერთი საფეხურით წინ გადაინაცვლოს.
მერსისაიდული კლუბის გულშემატკივრებს თავდავიწყებით შეუყვარდათ ადამიანი, რომელსაც სიყვარულით „ეგვიპტელ მეფეს“ უწოდებენ.
სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა კლუბის ისტორიაში უდიდესმა ფეხბურთელმა, ადრე განაცხადა:
ვფიქრობ, ის იქნება ფეხბურთელი, რომელსაც გუნდიდან წასვლის შემდეგ კიდევ უფრო დავაფასებთ.
ჯერარდი სალაჰის დიდი გულშემატკივარია, თუმცა ზოგიერთი მოთამაშე, რომელსაც წარსულში ეს ცნობილი წითელი მაისური ეცვა, ასეთი დამოკიდებულებით არ გამოირჩევა.
გრემ სუნესმა საკმაოდ უხეში სიტყვები გამოიყენა სალაჰის მისამართით მას შემდეგ, რაც გარემარბსა და იურგენ კლოპს შორის 2023 წელს ცნობილი შელაპარაკება მოხდა.
კლოპმა ეგვიპტელი ლონდონში გასამართი მატჩის ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, როცა წითლები პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაში დარჩენას ცდილობდნენ. როდესაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა სალაჰის მოედანზე შეყვანა, გერმანელი სპეციალისტი ფეხბურთელთან სიტყვიერ გაცვლა-გამოცვლაში შენიშნეს.
სუნესმა, რომელმაც კლუბის მაისურით 359-ჯერ ითამაშა, საკუთარი მოსაზრება ამ სიტუაციაზე პოდკასტში Three Up Front დაუფარავად გამოთქვა. შოტლანდიელმა განაცხადა:
სალაჰს განსაკუთრებულად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და ის გაბრაზებული იქნებოდა ვესტ ჰემთან სასტარტოს მიღმა დატოვებაზე. ვფიქრობ, იურგენ კლოპთან მომხდარი სიტუაცია იყო რეაქცია იმაზე, რომ ის მხოლოდ 10 წუთით ადრე შეიყვანეს მოედანზე. ამ კონფრონტაციაში სალაჰის მხრიდან მეტი აგრესია იყო, ვიდრე კლოპისგან.