მოჰამედ სალაჰის ახლო მეგობარმა და ყოფილმა თანაგუნდელმა გაამხილა რეალური მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა ეგვიპტელმა ლივერპულის დატოვება.
ამ მომენტისთვის 33 წლის ფეხბურთელს კლუბში ჩატარებულ 436 მატჩში 255 გოლი და 119 საგოლე გადაცემა აქვს, რაც მას ლივერპულის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ აქცევს. მერსისაიდულ ცხრაწლიან კარიერაში მან მოიგო პრემიერ ლიგა (ორჯერ), ჩემპიონთა ლიგა, ლიგის თასი, ასოციაციის თასი და უამრავი ინდივიდუალური ჯილდო.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ჩანდა, თითქოს სალაჰი საკუთარი სურვილით მიდიოდა, ეგვიპტის ლეგენდამ, მოჰამედ აბუტრიკამ, გაამჟღავნა მწარე სიმართლე იმის შესახებ, თუ რატომ ტოვებს ის გუნდს ამ ზაფხულს, საუდის არაბეთის კლუბების მხრიდან მზარდი ინტერესის ფონზე.
ეგვიპტელმა ჟურნალისტმა ისმაელ მაჰმუდმა X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბუტრიკას ჰქონდა საუბარი სალაჰთან, სადაც გაირკვა, რომ მისი წასვლის მთავარი მიზეზი არნე სლოტია. პოსტში ვკითხულობთ:
„მოჰამედ სალაჰის მიერ ლივერპულის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი არნე სლოტის ყოფნაა, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი პრობლემა ვნახეთ... შენ, სლოტ, ეს ადამიანი გუნდიდან გააგდე. სალაჰს ლივერპულთან მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა... სალაჰს სურს მშვიდად იმუშაოს და კარიერის შემდეგი ეტაპით ისიამოვნოს. მას არ სჭირდება აღიარება სლოტისგან ან ვინმე სხვასგან.“
სალაჰის დაძაბული ურთიერთობა სლოტთან აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა მწვრთნელი მის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა, როდესაც დეკემბრის დასაწყისში სლოტმა ის ზედიზედ სამი მატჩით სკამზე დასვა
ირონიულია, რომ სალაჰის წასვლის მიზეზი სლოტია, თუმცა თავად არნეს პოზიცია ენფილდზე ახლა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ლივერპულმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა, რაც მერსისაიდული კლუბის არსებული პრობლემების მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.