ჟურნალისტ შონ მაკკორმიკის Chronicle Live-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნიუკასლის 19 წლის ქართველი თავდამსხმელის, ვახტანგ სალიას ბრწყინვალე სტარტსა და მის წარმატებულ თამაშზეა საუბარი.
სეზონის რთული დასაწყისისა და მიღებული მძიმე ტრავმის მიუხედავად, სალიამ დაკარგული დრო სრულად აანაზღაურა. მან პრემიერ ლიგა 2-ში ტოტენჰემს გაუტანა, ნაციონალური ლიგის თასზე ტამუორთთან გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო EFL Trophy-ს მატჩში ინგლისის მე-4 ლიგის ფავორიტ იორკ სიტისაც შეუგდო.
ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის თამაშს ტრიბუნებიდან ნიუკასლის აკადემიის დირექტორი სტივ ჰარპერი, სტრატეგიის ხელმძღვანელი ჯეკ როსი და პოლ დამეტიც აკვირდებოდნენ.
ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რობი სტოკდეილმა ქართველი ფეხბურთელის პროგრესზე Chronicle Live-თან ისაუბრა:
ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. სიმართლე რომ ვთქვათ, მას ჩვენთან ძალიან რთული დასაწყისი ჰქონდა, რადგან პირველ ორ კვირაში ბარძაყის უკანა კუნთის საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო. მას ოპერაცია დასჭირდა და ვფიქრობ, ამის გამო თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობდა.
ასე რომ, ის ჩვენთან ფორმაში ნელ-ნელა შევიდა. ახლა უკვე ტემპს კრეფს. ვფიქრობ, 100 პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ არის და მისგან კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ. მიმაჩნია, რომ მას ცოტა მეტი სიმწვავის შეტანა კიდევ შეუძლია, მაგრამ მას ხომ ნამდვილად აქვს მაღალი ხარისხი, არა? როცა მან მეტოქის ნახევარზე ბურთი ჩაჭრა, მაშინვე ვიფიქრე, რომ გაიტანდა. სწორედ ამას ვხედავთ ხოლმე ვარჯიშებზე ძალიან ხშირად.
აღსანიშნავია, რომ სალიამ 2026/27 წლების სეზონის სტარტზე ნიუკასლის 21-წლამდელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 4 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.