საქართველოს საკალათბურთო სუპერ თასის 2025 წლის გამარჯვებული თსუ გახდა - ქუთაისი 3 ოვერტაიმის შემდეგ, 113:104 დაამარცხეს. ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ოთარ ქორქიას სახელობის სუპერ თასის გამარჯვებულის გამოსავლენად 3 ოვერტაიმი გახდა საჭირო.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეკრებილმა მაყურებელმა გასაოცარი სანახაობა იხილა და გამარჯვებული 3 სუპერ დრამატული ოვერტაიმის შედეგად გამოვლინდა. ძირითადი დრო 82:82 დასრულდა. არადა, მე-4 მეოთხედში თსუ-ს 12-ქულიანი გაქცევა ჰქონდა, როცა 81:69 დაწინაურდა.
პირველი ოვერტაიმის შემდეგ ანგარიში 90:90 გახლდათ. კიდევ უფრო დრამატული ფინიში ჰქონდა მეორე ოვერტაიმს, როცა დასრულებამდე 3.8 წამით ადრე თსუ 3 ქულით დაწინაურდა - ქუთაისელებმა უსწრაფესი შეტევა განავითარეს, რომელიც ჯავიონ ოგუნიემის შორიდან გადაგდებული ზუსტი 3-ქულიანით დასრულდა - 99:99. მესამე ოვერტაიმიც უკეთესად თსუ-მ დაიწყო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია, საბოლოოდ - 113:104.
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მხრიდან ყველაზე შედეგიანი კურვუასერ მაკკოლი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. მალკოლმ დრამრაითმა 19 ქულასა და მოხსნასთან ერთად, 9 ასისტიც შეასრულა, გიორგი ტურძილაძეს 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი ჰქონდა, ხოლო ცვლილებიდან გუნდს 13 ქულა, 1 მოხსნა და 5 ასისტი შესძინა ვეტერანმა გიორგი ცინცაძემ. რაც შეეხება ტურნირის MVP-ად დასახელებულ ალექსანდრე ფევაძეს, მას 20 ქულა, 10 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 ასისტი ჰქონდა.
ფევაძის მსგავსად, ასევე ორმაგი დუბლები შეასრულეს ქუთაისელთა ლიდერებმა - გიორგი სულაბერიძემ (27 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი) და ჯავიონ ოგუნიემიმ (16 ქულა, 15 მოხსნა, 1 ასისტი). მათ გარდა, ტაირი ბოიკინმა 23 ქულა ჩააგდო, დეტრეკ ბრაუნინგმა - 20, ხოლო ლუკა ალავიძის აქტივში 11 ქულა გახლდათ.
საბოლოოდ, თსუ-მ საქართველოს სუპერ თასი ისტორიაში მესამედ (2006; 2023 და 2025) მოიგო და სწორედ ქუთაისის შედეგს უახლოვდება - რეკორდსმენ იმერლებს სუპერ თასის 4 ტიტული აქვთ.
მწვრთნელის რანგში, სუპერ თასის მე-2 ჩემპიონობაა ლექსო ლაფანაშვილისთვის - 2023 წელსაც თსუ-სთან ერთად.