საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში, საწვრთნელ შეკრებაზე, პირველი ვარჯიში გამართა. სფფ-ის პრესსამსახური საბა გოგლიჩიძეს გაესაუბრა.
"რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და 100%-ით მობილიზებულები გავალთ მოედანზე. ვეცდებით, მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. სანაკრებო პაუზის წინ, კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, გუნდს დავეხმარო", - აღნიშნა იტალიური უდინეზეს მცველმა.
გოგლიჩიძემ ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად სწორედ გასულ უქმეებზე, კალიარის წინააღმდეგ, ითამაშა - 1:1. სერია A-ს მატჩი სასტარტოდან 25 მაისის შემდეგ არ ჰქონდა დაწყებული - მაშინ ემპოლიში თამაშობდა. უდინელთა რიგებში გადასვლის შემდეგ, თასზე 15 წუთით ითამაშა, ჩემპიონატში კი ინტერთან მოედანზე მეორე 45 წუთი სრულად გაატარა, ხოლო პიზასთან 16 წუთი მიიღო.
საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად საბა ლობჟანიძეს და გიორგი გულიაშვილს არ უვარჯიშიათ, რომლებიც ნაკრებს ვარჯიშის დღეს შეუერთდნენ.
ცნობისთვის, ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს - 11 ოქტომბერს ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.