ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ კედლებში მადრიდის რეალი დაამარცხა.
ალიანც არენაზე გამართული შეხვედრა მიუნხენელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა, რომლებმაც ორი მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვეს და ტურნირის 1/2 ფინალში გავიდნენ.
თამაში ძალიან საინტერესოდ დაიწყო — არდა გიულერმა პირველივე წუთზე ისარგებლა მანუელ ნოიერის შეცდომით და ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ბაიერნმა კი მადრიდში მოპოვებული მინიმალური უპირატესობა პირველივე წუთზე დაკარგა.
თუმცა, მადრიდელთა სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა — უკვე მე-6 წუთზე პავლოვიჩმა კუთხურიდან შეძლო ლუნინის კარის აღება და უშუალოდ ამ მატჩში ანგარიში გაათანაბრა.
თამაში მიუნხენელთა კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა 29-ე წუთზე არდა გიულერმა ჯარიმა უზადოდ შეასრულა, ნოიერი უშანსოდ დატოვა და რეალი კვლავ წინ გაიყვანა.
ბაიერნმა ანგარიში მეორედ გაათანაბრა — 38-ე წუთზე ჰარი კეინმა შეძლო ტაბლოზე სტატუს-ქვოს აღდგენა.
თუმცა, ტაიმი მაინც რეალმა მოიგო — კილიან მბაპემ ვინისიუსის პასით ისარგებლა და ნოიერს ერთი ერთზე შანსი არ დაუტოვა.
შესვენების შემდეგ შედარებით ფრთხილი და გაწონასწორებული მატჩი ვიხილეთ — შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში ტაბლოზე უცვლელი რჩებოდა.
სიტუაცია 86-ე წუთზე შეიცვალა, როცა ცვილებაზე შემოსულმა ედუარდო კამავინგამ მეორე ყვითელი ბარათი სრულიად სულელურ სიტუაციაში მიიღო და რეალი კაცნაცკლული დატოვა.
რიცხობრივი უპირატესობით ბაიერნმა მალევე ისარგებლა — ლუის დიასმა 89-ე წუთზე შეძლო ამ მატჩში ანგარიშის მესამედ გათანაბრება და ბაიერნს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა.
კომპენსირებულ წუთებში 10 კაცით შეტევაში წასული რეალი კი თავად დაისაჯა — ბაიერნის იდეალური კონტრშეტევის შემდეგ, მატჩში წერტილი მაიკლ ოლისემ ბრწყინვალე გოლით დასვა, ბაიერნს მეორე მატჩშიც გამარჯვება და მასთან ერთად, 1/2 ფინალის საგზური გაუნაღდა.
1/2 ფინალში ბაიერნი პსჟ-ს შეხვდება, რეალი კი, უდიდესი ალბათობით, ზედიზედ მეორე სეზონს დაასრულებს დიდი ტიტულის გარეშე.