-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებს წლების განმავლობაში არაერთი უხერხული მეტოქე ჰყოლია, თუმცა ისეთი ბევრი ვერ მოიძებნება, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენებს არაერთი მატჩი გაუმართავთ და გამარჯვება არასდროს მოუპოვებიათ - 2016 წელს ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა ესპანეთიც კი დაამარცხეს. უკრაინა კი ირლანდიის კატეგორიაშია, ანუ მეტოქის, რომელიც საფეხბურთო მოედანზე არცერთხელ დაგვიმარცხებია - ორივე ნაკრებთან ქართველებს თერთმეტ მატჩში ნული გამარჯვება უგროვდებათ.
როგორც ზემოთ გითხარით, ლურჯ-ყვითლების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს სულ თერთმეტჯერ უთამაშია - აქედან შვიდჯერ გამარჯვება უკრაინელებს დარჩათ, ხოლო ოთხჯერ მატჩი ფრედ დასრულდა. საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო დუელი 1998 წელს იწყება - გუნდებმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი ამხანაგური მატჩი ითამაშეს, ორი უკრაინაში, ორიც საქართველოში.
კიევში გამართული პირველი დაპირისპირება ჩვენთვის კატასტოფული გამოდგა - სერგეი რებროვისა და სერგეი სკაჩენკოს დუბლებით უკრაინამ 4:0 იმარჯვა. 1999 წელს თბილისში მინიმალური სხვაობით, 0:1 დავმარცხდით, 2001 წლის თბილისური მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა. 2002 წელს გამართული კიდევ ერთ ამხანაგურში, ლურჯ-ყვითლებმა კიევში ანატოლი ტიმოშუკის 92-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 იმარჯვეს.
კიდევ ერთი და ამ დრომდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა 2015 წელს ავსტრიაში გაიმართა - კახაბერ ცხადაძის გუნდი 2:1 დამარცხდა. არტემ კრავეცისა და ევგენი კონოპლიანკას გოლებს ჩვენგან მათე ვაწაძემ უპასუხა.
2006 წლის მუნდიალის შესარჩევი
2006 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ფარგლებში საქართველო მეორე ქვეჯგუფში ყაზახეთთან, ალბანეთთან, საბერძნეთთან, დანიასთან, თურქეთთან და უკრაინასთან მოხვდა - ამ უკანასკნელმა ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ჩვენ მხოლოდ ყაზახებს ვაჯობეთ. ლვივში 2:0 დავმარცხდით, ხოლო თბილისში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა - რუსლან როტანის გოლს, გიორგი გახოკიძემ 89-ე წუთზე გატანილი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით უპასუხა.
ევრო 2008-ის შესარჩევი
კიდევ ერთი შესარჩევი - საქართველო და უკრაინა კვლავ ერთად, ამჯერად იტალიასთან, საფრანგეთთან, შოტლანდიასთან, ლიტვასთან და ფერერის კუნძულებთან. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყით, რომ B ჯგუფი არცერთი ნაკრებისთვის აღმოჩნდა წარმატებული - უკრაინამ მეოთხე ადგილი დაიკავა, საქართველომ მეექვსე. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ლურჯ-ყვითლებმა 3:2 იმარჯვეს - ანგარიში ანდრეი შევჩენკომ გახსნა, შოთა არველაძემ და გიორგი დემეტრაძემ მატჩი შემოატრიალეს, უკრაინელთა მხრიდან გამათანაბრებელი და მომგები გოლები კი რუსლან როტანმა და ანდრეი რუსოლმა გაიტანეს.
მიუხედავად იმისა, რომ განმეორებით მატჩამდე უკრაინელებს “ვაიმდე დედა შევჩენკო” დავახვედრეთ, დინამო არენაზე გამართულ მატჩში გამარჯვება მაინც ვერ მოვახერხეთ. ოლეგ შელაიევის სწრაფ გოლს დავით სირაძის გვიანი გოლი მოჰყვა - კვლავ 1:1.
ერთა ლიგა 2024/25
ამ დრომდე ჩვენი ბოლო საფეხბურთო დაპირისპირებები 2024 წელს, ერთა ლიგის ეგიდით შედგა - B ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს, უკრაინის, ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებები მოხვდნენ. ჩვენების კარგი სტარტის მიუხედავად, მესამე ტურში უკრაინასთან მაინც დავმარცხდით - პოზნანში გამართულ მატჩში უკრაინელებმა მიხაილო მუდრიკის ერთადერთი გოლით იმარჯვეს.
განმეორებითი მატჩი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართა და ტრადიციულად 1:1 დასრულდა. ანგარიში უკრაინელებმა მატჩის სტარტზე გახსნეს - ბურთი საკუთარ კარში სოლომონ კვირკველიამ ჩაჭრა. ქართველების შეტევებს ლოგიკური დასასრული 76-ე წუთზე მოჰყვა - ტრუბინის კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო. მატჩის ბოლოს ძალიან რეალური შანსები უკრაინელებსაც შეექმნათ, თუმცა ნაკრები გიორგი მამარდაშვილმა იხსნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გასამართი ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი დღეს, 28 სექტემბერს, 20:00-ზე, დინამო არენაზე გაიმართება - მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწვებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია რამაზ სვანაძესა და ბიჭებს ნავსის გატეხვა და უკრაინის ნაკრების დამარცხება ვუსურვოთ.
დღევანდელი მატჩის განაცხადი კი ასეთია:
მეკარეები - გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, ლუკა გუგეშაშვილი
მცველები - ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხარებაშვილი, საბა საზონოვი, ჯემალ ტაბიძე
ნახევარმცველები - გიორგი ქოჩორაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, ირაკლი ეგოიანი, გიორგი წიტაიშვილი
თავდამსხმელები - ბუდუ ზივზივაძე, გიორგი კვერნაძე, გიორგი მიქაუტაძე

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები