კაბო ვერდე მეშვიდე აფრიკული ქვეყანაა, რომლის ნაკრებთანაც საქართველოს ეროვნულ გუნდს უთამაშია. ჩვენი ნაკრების აფრიკელებთან დაპირისპირება ჯერ კიდევ 1994 წელს, მალტის საერთაშორისო ტურნირზე იღებს სათავეს.
თამბაქოს მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Rothmans-ის სახელობის მინი-ტურნირი კუნძულ მალტაზე 1986 წლიდან 2008 წლამდე იმართებოდა, რა პერიოდშიც საქართველოს ნაკრებმა რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ამ გათამაშებაში.
1994 წლის თებერვალში ოთხთა ამხანაგური ტურნირი სლოვენიამ მოიგო, საქართველოს ეროვნული გუნდი კი თავის ისტორიაში პირველ აფრიკულ ნაკრებს, ტუნისს შეხვდა. „კართაგენელ არწივებს“ ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა მეორე ტაიმში მოუგო - შოქრი ელ უაერის კარი მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი კუდინოვმა, შესაბამისად 48-ე და 61-ე წუთებზე აიღეს.
იმავე წლის ივნისში, მუნდიალის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, ამხანაგური მატჩის გასამართად ჩივაძის გუნდი ნიგერიაში ჩავიდა და ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ იბადანში ითამაშა. სამწუხაროდ, ეს მატჩი ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომლის ვიდეოჩანაწერი ანდა ფოტომასალა ქართველებს არ მოგვეპოვება, ნიგერიულ არქივებში ძებნა კი არანაკლებ რთულია...
სამაგიეროდ, კარგადაა ცნობილი, იუმორით თუ სერიოზულად, უამრავჯერ მოყოლილი ისტორიები აფრიკულ სიცხეზე, გამანადგურებელ ანგარიშზე, მურთაზ შელიას კურიოზზე და ა.შ.
რა ძალას წარმოადგენდნენ ჰოლანდიელი კლემენს ვესტერჰოფის დამოძღვრილი „სუპერ არწივები“, რა კვალი დატოვეს ნიგერიელებმა სადებიუტო მუნდიალზე და მთლიანად აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში, ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ ახლანდელი შეფასებით, სავსებით ლოგიკურია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების მარცხი ანგარიშით 1:5.
ნიგერიელთა რიგებში დუბლებით გამოირჩნენ სამსონ სიასია და „გოლების მამად“ წოდებული, აწგანსვენებული რაშიდი იეკინი, ერთი გოლი კი მუტიუ ადეპოჯუს ანგარიშზეა. არადა ქართველებმა ანგარიში დასაწყისშივე გახსნეს, თავი რევაზ არველაძემ გამოიჩინა.

მორიგი ამხანაგური მატჩი აფრიკულ ნაკრებთან 1998 წლის 2 მაისს, კვლავ მუნდიალის მონაწილე გუნდთან შედგა - ქართველები ტუნისს ესტუმრნენ და ქალაქ სუსეში, 20 ათასი მაყურებლის თვალწინ, პოლონელ ჰენრიკ კასპერჩაკის გაწვრთნილ გუნდთან ყაიმით დაასრულეს შეხვედრა. მეკარე ელ უაერს ამჯერად გიორგი ქინქლაძემ გაუტანა: მე-40 წუთზე ქინქი ჩვეულ სტილში, ოსტატურად გაისარჯა და ოთხ მეტოქეში მოქცეულმა საჯარიმოს გარედან ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო. მასპინძლებმა გათანაბრება მე-80 წუთზე, იმედ ბენ იუნესის გოლით შეძლეს.
სხვათა შორის, სულ რაღაც თვენახევარში, მსოფლიოს პირველობის ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას, ტუნისის ნაკრებიდან პოლონელი სპეციალისტი დაითხოვეს, რისი მიზეზიც მუნდიალის პირველ ორ ტურში ინგლისთან და კოლუმბიასთან წაგებები გახდა.
პირველად საქართველომ აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელ ნაკრებს 2002 წელს უმასპინძლა - სამხრეთ აფრიკისთვის ამხანაგური შეხვედრა ასევე მუნდიალისწინა ტესტი იყო, რომელშიც ჩვენმა მეტოქემ მწარე მარცხი იგემა.
27 მარტის თბილისური შეხვედრა ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და შთამბეჭდავ გამარჯვებად ჩაიწერა: მატჩის სტარტზე ანგარიში ლევან კობიაშვილმა პენალტით გახსნა, რასაც 32-ე წუთზე ჰანს ვონკის კარში გიორგი დემეტრაძის გოლი მოყვა. მეორე ტაიმში „ბაფანა ბაფანამ“ სხვაობა დორტმუნდის ბორუსიაში მოთამაშე დელრონ ბაკლის გოლით შეამცირა, მატჩის მიწურულს კი შავი ფორმით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა რატი ალექსიძისა და ისევ დემეტრაძის გოლებით სოლიდური ანგარიში დააფიქსირა - 4:1.
სამხრეთ აფრიკელთა რიგებში მეთიუ ბუთი, ბრედლი კარნელი, კვინტონ ფორჩუნი, სიაბონგა ნომვეტე, მაკბეტ სიბაია, ჯეიკობ ლეკხეტო, გეორგიოს კუმანტარაკისი, აარონ და ტებოჰო მოკოენა თამაშობდნენ, გუნდს კი ჯომო სონო ედგა სათავეში, რომელიც ფეხბურთის ქომაგებს გოლის უცნაური აღნიშვნით ახსოვთ.

„ჯვაროსნების“ კიდევ ერთ აფრიკულ ნაკრებთან დაპირისპირება მეტოქისთვის ასევე მსოფლიო ჩემპიონატისწინა მოსამზადებელი მატჩი იყო. 2010 წლის 25 მაისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში, მცირერიცხოვანი მაყურებლის თვალწინ, თემურ ქეცბაიას ბიჭებმა პოლ ლე გუენის გაწვრთნილ კამერუნთან უგოლო ფრე გააგორეს. „მოუთვინიერებელი ლომების“ შემადგენლობაში ითამაშეს ჟან მაკუნმა, ჟოელ მატიპმა, ჟერემი ნჯიტაპმა, ჟორჟ მანჯეკმა, პიერ ვებომ, სებასტიან ბასონგმა, რიგობერტ სონგმა და მისმა ძმიშვილმა ალექს სონგმა.

ორი წლის შემდეგ სხვა აფრიკულ ნაკრებთან კვლავ უგოლო ყაიმი დაფიქსირდა. ქეცბაიას გუნდმა ნოემბერში, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, ამჯერად ეგვიპტესთან ითამაშა ფრედ. სხვათა შორის, „ფარაონების“ რიგებში იმ დროს ბაზელში მობურთალმა მოჰამედ სალაჰმაც ითამაშა.

კაბო ვერდემდე კი „ჯვაროსნების“ აფრიკული მეტოქე მაროკო იყო. მაღრიბელებმა მუნდიალისწინა მოთელვა საამიროების ქალაქ შარჯაში გაიარეს და ჩვენდა სამწუხაროდ, სამი უპასუხო ბურთით დასაჯეს ვილი სანიოლის კრებული. გიორგი მამარდაშვილის კარი იუსეფ ენ ნესირიმ (‘5), ჰაქიმ ზიეშმა (’29) და სოფიან ბუფალმა (’72 პ.) აიღეს და ყატარისთვის განწყობა აიმაღლეს.
