-
Aa
+
ფონტის ზომა
10. საქართველო 2:0 ურუგვაი
საქართველოს ნაკრებისამხრეთ ამერიკულ ნაკრებებთან თამაშებით განებივრებული ნამდვილად არაა - მით უმეტეს როდესაც საქმე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაის ნაკრებს ეხება. 2006 წლის ბოლოს თბილისს ოსკარ ტაბარესის გუნდი ეწვია და ლევან კობიაშვილის დუბლით 2:0 დამარცხდა.
9. საქართველო 7:0 სომხეთი
საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო დაპირისპირების ისტორია მრავალ დასამახსოვრებელ მატჩს მოიცავს, მათგან პირველი 1997 წლის 30 მარტით თარიღდება - დავით ყიფიანის ნაკრებმა დინამოს სტადიონზე მეზობლები 7:0 გაანადგურა. შოთა არველაძემ სომხების კარი სამჯერ აიღო, აჩიმ ორჯერ, თითო-თითოჯერ კი თავი ქინქლაძემ და ყაველაშვილმა გამოიჩინეს.
8. საქართველო 2:0 შვედეთი
2021 წელს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი გაიმართა - საქართველოში მოსაგებად ჩამოსული ზლატან იბრაჰიმოვიჩი და შვედეთი ხვიჩა კვარაცხელიამ დაამწუხრა. 20 წლის კვარამ ოლსენის კარი ორჯერ აიღო და შვედების მუნდიალზე გასვლის შანსები საკმაოდ შეამცირა.
7. საქართველო 2:0 შოტლანდია
ევრო 2008-ის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიამ საქართველო შინ 2:1 დაამარცხა - თბილისში გამართულ საპასუხო მატჩში კი კლაუს ტოპმიოლერის შეგირდებმა სკოტები 2:0 დაამარცხეს. მატჩის პირველი გოლი 17 წლის ლევან მჭედლიძემ გაიტანა, მეორე ნახევარში კი გორდონის კარი დავით სირაძემ აიღო.
6. ესპანეთი 0:1 საქართველო
ევრო 2016-ის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრები ვლადიმერ ვაისის საქართველოს ნაკრებს შეხვდა - ესპანელებს მადრიდში დაგეგმილი მარტივი გამარჯვება ჩაეშალათ. საქართველოს ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაწინაურდა. მატჩის მეორე ნახევარში ფურია როხას უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, ესპანელებმა როინ კვასხვაძის კარის აღება ვერ მოახერხეს.
5. საქართველო 4:1 ჩეხეთი
ევროდან დაბრუნებულმა ბიჭებმა ისედაც ამაღლებული განწყობა ჩეხეთთან თამაშით კიდევ უფრო აამაღლეს - თვენახევრის წინ ნათამაშები რთული 1:1-ის შემდეგ, სანიოლის ნაკრებმა ჩეხეთი თბილისში 4:1 გაანადგურა. კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის გოლებით ულამაზეს სტილში მოგებული მატჩი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსად რჩება.
4. საქართველო 1:0 რუსეთი
ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფში საქართველო შვეიცარიასთან, ირლანდიასთან, ალბანეთთან და რუსეთთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი მალხაზ ასათიანის გოლით მოიგო - ივო ჟუჟაკის შეგირდებმა რუსეთის ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაამარცხეს.
3. საქართველო 1:0 ხორვატია
შეცდომის დაშვების დრო ნამდვილად არ არი, ზუსტი პასია საჭირო, კალაძე მარცხენა ფლანგზე. თვითონ დაიძრა კალაძე. კანკავა. ჩაწოდება საჯარიმოში, შეიძლება სიტუაციის გამწვავება…საჯარიმოშია მარცვალაძე, პასი უკან. დარტყმა. გოლ. გოლ. გოლ. საქართველოს ნაკრებმა გაიტანა. 1:0. 1:0. გოლ. ხორვატებს გავუტანეთ ბოლო წუთზე…” - სიტყვები, რომელთა გაგონებისასაც, ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს გული სხვანაირად უცემს. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ ხორვატია 90 წუთზე გატანილი გოლით
დაამარცხა.
2. საქართველო 0:0 (4:2) საბერძნეთი
კვეკვესკირის გამორბენი, დარტყმა და საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა. მეორე შანსი, რომელიც საქართველომ გამოიყენა და ისტორიაში პირველად ევროპის უდიდეს ფორუმზე თამაშის უფლება მოიპოვა. მძიმე 120 წუთი და ნერვების ომი პენალტების სერიაში - მამარდაშვილის მოგერიება, ქოჩორაშვილის, დავითაშვილის, დვალის, კვეკვესკირის გოლები და ქუჩაში გამოსული საქართველო.
1. საქართველო 2:0 პორტუგალია
საბერძნეთთან მატჩიდან ზუსტად სამ თვეში ერი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში საზეიმოდ - ამჯერად ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ევრო 2024-ის ჯგუფიდან გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით სანიოლის შეგირდებმა კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიას 2:0 სძლიეს და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები