საქართველოს პარამოფარიკავეთა ქალთა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და გუნდურ შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა ქალთა გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით ფარიკაობაში, ფინალამდე მიაღწიეს და ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობდნენ.
ქართველმა პარამოფარიკავეებმა ნახევარფინალში უნგრეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 30:24 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს მეტოქე პოლონეთის ნაკრები იყო, რომელმაც ნახევარფინალში უკრაინა 30:18 დაამარცხა.
ფინალური დაპირისპირება დაძაბული და თანაბარი გამოდგა. საბოლოოდ, პოლონელებმა მინიმალური უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და საქართველოს ნაკრები ანგარიშით 30:29 დაამარცხეს.
შედეგად, პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო საქართველოს ქალთა ნაკრებმა ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ამრიგად, ირმა ხეცურიანმა, ნინო თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა 2026 წლის პარაფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანეს.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველებმა 3 მედალი მოიპოვეს:
ვერცხლი - ნინო თიბილაშვილი (რაპირა, A კატეგორია), ირმა ხეცურიანი (ხმალი, B კატეგორია)
ბრინჯაო - ნინო თიბილაშვილი (ხმალი, A კატეგორია)