42 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
10 წლის წინ დაარსებულმა სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა „ტაომ“ მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ლიგაში ისინი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია და მორაგბეთა საშუალო ასაკი სულ რაღაც 22 წელს შეადგენს, „ტაო“ სატურნირო ცხრილში ღირსეულ მეორე ადგილს იკავებს და აქტივში 3-დან 3 მოგება აქვს.
თუმცა, ამ ბიჭების მთავარი ძალა და მოტივაცია მხოლოდ სატურნირო ქულებში არ იმალება. „ტაოს“ სათამაშო ფორმა ყველასგან გამორჩეულია, მათ მაისურებზე კლუბის ბაზაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ნახატებია დატანილი. მოედანზე გასული თითოეული მორაგბე სწორედ ამ ბავშვების ფერად სამყაროსა და ოცნებებს ატარებს. ეს ახალგაზრდა ბიჭების თამაშს სცდება და მათ ბრძოლას გაცილებით დიდ, ადამიანურ დატვირთვას სძენს.
დღევანდელ შედეგამდე გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. 2024/25 წლების სეზონში „ტაომ“ ისტორიული ნაბიჯი გადადგა და უმაღლეს დივიზიონში - „დიდ 10“-ში აღზევდა, თუმცა გამოცდილების ნაკლებობის გამო იქ ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა. მომდევნო წელს, პირველ ლიგაში დაბრუნებულ გუნდს ბევრი აუთსაიდერად მიიჩნევდა, მაგრამ ბიჭებმა ნამდვილი მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს: ყველაზე კრიტიკულ მომენტში პირველი ლიგის ლიდერი „ლოკომოტივი“ და „ყოჩები“ დაამარცხეს, რითაც ლიგაში ადგილი სასწაულებრივად შეინარჩუნეს და სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულეს.
წელს კლუბის ხელმძღვანელობამ იდეალური გადაწყვეტილება მიიღო და ზუსტად ის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, რომელმაც შარშან ეს ურთულესი ეტაპი გადალახა. შედეგმაც არ დააყოვნა: 10 ოქტომბერს, „არწივების“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში გუნდმა მორიგი, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მოედანზე ლევან ბუცხრიკიძემ, სანდრო ირემაშვილმა და დავით სეფიაშვილმა ულამაზესი ლელოები დადეს, ხოლო ბექა ზუმბაძე კარში დარტყმისას 100%-იანი სიზუსტით გამოირჩეოდა, რითაც გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა.
ასეთი ახალგაზრდული და ენერგიული გუნდის ზურგს უკან უდიდესი გამოცდილების მქონე სამწვრთნელო შტაბი დგას. „ტაოს“ წარმატებას ქართული რაგბის ლეგენდები ჭედენ: 2007 წლის მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჭეიშვილი, საქართველოს 6-გზის ჩემპიონი დაჩი კოპაძე და ლეგენდარული ბორჯღალოსანი გიორგი შკინინი. სწორედ მათი ტაქტიკური ხედვის, ბიჭების თავდადებისა და იმ პატარა ბავშვების უსაზღვრო სიყვარულის სინთეზია ის შთამაგონებელი ამბავი, რომელსაც სარაგბო კლუბი „ტაო“ დღეს გვაჩვენებს. გუნდი, რომელიც მოედანზე მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღარ თამაშობს!
თუ გსურთ, ამ სარაგბო ზღაპრის ნაწილი გახდეთ და თვალი ადევნოთ ბიჭების მოგზაურობას, მხარი დაუჭირეთ კლუბს მათ ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/r.c_tao/

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები