თბილისის ოლიმპიურ სასახლეში MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველო ამ ტურნირს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. გათამაშებაში მონაწილეობას 57 ქვეყნის 781 ათლეტი იღებს, ხოლო ჯამში ქვეყანაში 1200-მდე სტუმარია ჩამოსული.
პირველივე დღიდან სტუმრებს შორისაა MMA-ის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, კერიტ ბრაუნი, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"ჩემთვის, როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია, ამ გამორჩეული ღონისძიების ნაწილი ვიყო. საქართველო თავისი სპორტული და საბრძოლო წარმატებებით ცნობილია, ხოლო ორგანიზების თვალსაზრისით ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გაკეთებული", - აღნიშნა ბრაუნმა.
ტურნირი დღეს 1/8 ფინალური ბრძოლებით გაგრძელდება და 2 ოქტომბერს ფინალებით დასრულდება.