ბათუმში ბეშიქთაშისა და ჰაპოელ ბეერ-შევას შეხვედრას გულშემატკივრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
გავრცელებულმა კადრებმა თურქეთში გამოხმაურება გამოიწვია - ბეშიქთაშის ქომაგებს მხარდაჭერა გალათასარაიმ და ფენერბაჰჩემაც გამოუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვითარება პალესტინის დროშის გამო დაიძაბა. გულშემატკივრებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებისას გამოყენებული იყო წიწაკის სპრეი. თურქული კლუბების განცხადებებში სამართალდამცველთა მოქმედება ძალის არაპროპორციულ გამოყენებად არის შეფასებული.
ბეშიქთაშმა მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ საკუთარი გულშემატკივრების უსაფრთხოება მისი პასუხისმგებლობაა. კლუბის ცნობით, ვითარების შესახებ უეფას დელეგატს, თურქეთის საკონსულოსა და შესაბამის უწყებებს დაუკავშირდნენ. კლუბი მოვლენებს მანამდე დააკვირდება, სანამ ქომაგები სამშობლოში უსაფრთხოდ არ დაბრუნდებიან.
გალათასარაიმ და ფენერბაჰჩემაც მიუღებლად მიიჩნიეს გულშემატკივრების მიმართ ძალის გამოყენება და დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადეს. განცხადებებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტადიონზე ქომაგების უსაფრთხოებისა და თანაბარი მოპყრობის აუცილებლობაზე.
შეხვედრა ბათუმი არენაზე გაიმართა და ბეშიქთაშის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.