იბერია 1999-ის ფეხბურთელმა, გიორგი ჯინჯოლავამ, უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურში ხეტაფესთან ისტორიული გამარჯვების (1:0) შემდეგ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მატჩი შეაფასა.
ჯინჯოლავას თქმით, ცივი ამინდის მიუხედავად ტრიბუნებზე მისულ ქომაგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ:
პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, ვინც დღეს მოვიდა ამ სიცივეში და მთელი გულით გვიქომაგა, რამაც გამოიღო შედეგი. მჯერა, რომ დღეს გულშემატკივარი რომ არ მოსულიყო, ამ თამაშს ვერ მოვიგებდით. ასე რომ, მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად:
რაც შეეხება მატჩს, საკმაოდ დადებითად შევაფასებ, იმიტომ რომ ისტორიული გამარჯვება იყო. ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ მიზნისკენ, რასაც კონფერენს ლიგის ჯგუფიდან გასვლა ჰქვია. თამაში, ვფიქრობ, როგორც ხარისხობრივად, ისე ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგი იყო. ყველა ასპექტში თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და ამან შედეგი გამოიღო.