კონფერენს ლიგის მე-4 ტურში თბილისში, იბერია 1999-თან განცდილი მარცხის შემდეგ ხეტაფე ესპანურმა პრესამ მწვავედ გააკრიტიკა.
ხოსე ბორდალასის გუნდზე წამყვანმა მადრიდულმა გამოცემა MARCA-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "ხეტაფემ საქართველოში სასიკვდილო დარტყმა მიიღო".
MARCA წერს:
ბორდალასის გუნდი ევროპაში კვლავ მოგების გარეშეა იბერიასთან მორიგი ნოკაუტის შემდეგ, რაც მათ ერთ ქულაზე ტოვებს და შემდეგ ეტაპზე გასვლას კიდევ უფრო ურთულებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქობულაძის გოლმა იბერია 1999-ს კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოუტანა იმ შეხვედრაში, სადაც ხეტაფემ ნახევარ საათზე მეტი ათი კაცით ითამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ბურთის ფლობაში დომინირებისა და ფლანგებიდან შეტევის განზრახვით გამოვიდნენ და საწყის წუთებში რისკოსა და სატრიანოს მონაწილეობით ორმაგი შანსიც მიიღეს, მეკარემ ბურთი ორივე შემთხვევაში მოიგერია.
მეორე ტაიმში ბორდალასმა ენეს იუნალი, მანგალა და ზაიდი ჩართო თამაშში, თუმცა მალევე დავიდ სორიას მოუხდა ძაგანიასა და ქარდავას დარტყმების მოგერიება, რასაც მანგალას გაძევება მოჰყვა. შეცვლაზე შესულმა მანგალამ სამ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.
გამოცემის ცნობით, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ხეტაფემ ფრანჩოსა და ანდრესის გამოყვანის შემდეგ მთელი ძალებით შეუტია, თუმცა ერთადერთი რეალური შანსი გუდელს ჰქონდა, რომლის დარტყმა დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე ჯინჯოლავამ კარის ხაზიდან გამოიტანა.
MARCA აღნიშნავს:
იბერია ღრმად ჩაჯდა დაცვაში და გამარჯვების გასაფორმებლად კონტრშეტევას ან მეტოქის უმცირეს შეცდომას ელოდა. საბოლოოდ ამ გეგმამ გაამართლა, ხეტაფეს დიდი იმედგაცრუების ფონზე, რომელიც გამუდმებით აგურის კედელს ეჯახებოდა.
სამაგიეროდ, ხეტაფე 24-ე ადგილს (რომელიც პლეი-ოფის საგზურს იძლევა) კვლავ სამი ქულით ჩამორჩება და წინ ორი გადამწყვეტი მატჩი ელის: კოლისეუმზე ანდორული ინტერ დ'ესკალდესის (ცხრილის ბოლოადგილოსანი, ნული ქულით) წინააღმდეგ... და ამსტერდამში აიაქსთან. სასიკვდილოდ დაჭრილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი.