საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი შემტევის გუნდი უშუალო კონკურენტ რედ სტარს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე ირვინ კარდონამ გაიტანა. სწორედ გოლის ავტორის ნაცვლად ჩაერთო თამაშში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 52-ე წუთზე, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედების შესრულება ვერ მოახერხა.
გამართული 9 ტურის შემდეგ სენტ-ეტიენი 22 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევრებს, რეიმსსა და რედ სტარს, უკვე 5 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.