სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურში სტუმრად მეცს შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლით იგებდა, საბოლოოდ ფრეს (2:2) დასჯერდა.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა ის იყო, რომ სენტ-ეტიენის ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი არ იმყოფებოდა და მოედანზე მხოლოდ 58-ე წუთიდან გამოჩნდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მწვანეების მთავარმა მწვრთნელმა იან კათრომ ქართველი ფეხბურთელის სათადარიგო სკამზე დატოვების მიზეზები განმარტა:
ამ პოზიციაზე დღეს ორი განსხვავებული პროფილის მქონე ფეხბურთელი გვყავდა. ბუნებრივია, ტიერნო ბალო მეტ სტაბილურობას გვძენს დაცვის ზურგს უკან არსებულ სივრცეში შეტევისას. მას თავისი სპეციფიკური თვისებები აქვს. ზურიკო კი სხვა უნარებით გამოირჩევა.
მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც ბურთზე კონტროლი მოვიპოვეთ, მოედნის ბოლო მესამედში სივრცეები შემცირდა, ამიტომ დავითაშვილის მოედანზე შესაყვანად იდეალური მომენტი იყო, რადგან ის სწორედ ასეთ სიტუაციებშია საუკეთესო. ვფიქრობ, თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო და დადებითი გავლენა მოახდინა. მან ენერგია შემატა თამაშს და მარცხენა ფლანგი გააცოცხლა. გვყავს ორი ფეხბურთელი, რომლებსაც გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შეუძლიათ და თითოეულ მათგანს განსხვავებული სტილი აქვს.
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის შვიდ მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. სენტ-ეტიენი 16 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო შეხვედრას კი 10 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკუთარ მოედანზე როდეზის წინააღმდეგ გამართავს.