იტალიური CalcioGenoa-ს ჟურნალისტის, ფაბიო მარსილიას ცნობით, ჯენოამ თვალი რუმინულ ბაზარს დაადგა და ანზორ მექვაბიშვილით დაინტერესდა, რომელიც მილან ბადელის შემცვლელად განიხილება.
წყაროს თქმით, პროცესში ჩართულია სპორტული სააგენტო GG11, რომელსაც ჯენოასთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს და აღმოსავლეთ ევროპაშიც აქტიურად ოპერირებს.
ამას ისიც ემატება, რომ იტალიური კლუბის მფლობელი რუმინელი დან შუკუა, მექვაბიშვილი კი სწორედ რუმინული კრაიოვას მოთამაშეა.
ქართველ ნახევარმცველზე იტალიიდან ინტერესის შესახებ ადრეც იწერებოდა. ტრანსფერის შემთხვევაში მექვაბიშვილი სერია ა-ში ქართულ ლეგიონს დაემატება, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია, საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი წარმოადგენენ.