უკრაინის ჩემპიონმა ევროტურნირებისთვის საშინაო სტადიონი შეარჩია.
მარეგულირებელი ორგანოების შესაბამისი ნებართვების მიღების შემთხვევაში, შახტარი 2026/27 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ეტაპზე საშინაო მატჩებს ლონდონში, სტემფორდ ბრიჯზე გამართავს.
დონეცკური კლუბის ხელმძღვანელობამ და სტადიონის მფლობელმა ჩელსიმ შეთანხმებას მიაღწიეს.
შახტარის განცხადება:
ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩების სტემფორდ ბრიჯზე ჩატარება შახტარისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა. მადლობას ვუხდით ჩელსის, რომ საშუალება მოგვცა, ჩვენი შეხვედრები ამ გამორჩეულ სტადიონზე გავმართოთ.
სტემფორდ ბრიჯი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონია, რომელსაც საოცარი ისტორია და ატმოსფერო აქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ ლონდონში შახტარის მატჩები უკრაინელ და ინგლისელ გულშემატკივრებს დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს.
ჩელსის განცხადება:
შახტარს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უთამაშია და მოუთმენლად ველით მათ ლონდონში, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის კამპანიის ფარგლებში.
მომდევნო კვირების განმავლობაში შახტარის წარმომადგენლებთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, რათა მატჩების დღეებმა როგორც გუნდისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩაიაროს.