15 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტატიაში, სათაურით "გიგანტის გული: თოკო შენგელიამ საქართველოს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი მისცა", FIBA წერს:
"კაპიტანმა თავისი თამაში სრულიად სხვა დონეზე აიყვანა. თოკო შენგელიას განსაკუთრებული სტანდარტებითაც კი, ის, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ათენში გააკეთა, სხვა დონეზე იყო.
თუ სანაკრებო კალათბურთმა რამე გვასწავლა, ეს არის ის, რომ არასდროს შევაფასოთ სათანადოზე ნაკლებად თოკო შენგელიას უნარი, აჯობოს ყველაფერს, რაც მანამდე გაუკეთებია.
შთამაგონებელმა ლიდერმა ეს კიდევ ერთხელ შეძლო ფიბა-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები არამიწიერი თამაშით და საქართველოს საბერძნეთში ოვერტაიმში სასწაულებრივი გამარჯვება (92:88) მოაპოვებინა, რითაც გუნდმა ყატარისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
შენგელია ყველგან იყო. მისი ქმედებები, როგორც ყოველთვის, სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებდა.
35 წლის კალათბურთელმა ოვერტაიმში გადასულ თრილერში 43:48 წუთი ითამაშა და მოედანი მხოლოდ მესამე მეოთხედის შუაში, იდაყვის პრობლემის გამო დატოვა.
შენგელიამ დააგროვა 25 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება, მათ შორის ოთხი გადამწყვეტი საჯარიმო ტყორცნა ოვერტაიმის გიჟური დასასრულის ბოლო 16 წამში.
ამ საჯარიმოებიდან ორი მატჩის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეპიზოდს მოჰყვა, როდესაც შენგელიამ საჯარიმო სროლისას კოსტას ანტეტოკუნმპოსგან არასპორტული ჯარიმა გამოიმუშავა.
საქართველოს ნაკრების წევრი დუდა სანაძე ეროვნულ გუნდში 2013 წელს გამართული დებიუტის შემდეგ უკვე მრავალი წელია შენგელიას მხარდამხარ თამაშობს, მაგრამ ის, რაც შენგელიამ ათენში გააკეთა, სხვა დონეზე იყო.
სანამ სანაძე მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შენგელიას შესახებ ისაუბრებდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა თოკოსგან ამის თანხმობა.
„ისეთი ადამიანია, რომელიც ნებართვას არ მომცემდა. მაგრამ მინდა ვთქვა. ბევრ რამეს აკეთებს ისეთს, რაზეც არავინ საუბრობს. გუშინ უმძიმესი თამაში ჰქონდა, აქ ჩამოფრინდა, დაახლოებით დილის 3 საათზე დაეშვა“, - განაცხადა სანაძემ, „გზაში გაიგო რომ ბებია გარდაეცვალა. გამოვიდა და ყველასთვის სული და გული ჩადო“.
ემოციების შეკავების მცდელობისას სანაძემ დასძინა: „როცა ეს მაისური მაცვია, ყოველთვის საქართველოსთვის ვითამაშებ, მაგრამ დღეს თოკოსთვის ვთამაშობდი. ძალიან მინდოდა, ეს თამაში თოკოსთვის მოგვეგო. მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხდა“.
ჯიკიჩმაც აღფრთოვანებით ისაუბრა თავის კაპიტანზე.
„თოკოზე არ ვიცი, რა ვთქვა. გვაქვს პროტოკოლები მის დასასვენებლად. ტაიმ-აუტების, საჯარიმოების, ჩელენჯების გამოყენება. მაგრამ წინა ღამეს ითამაშა. სასტუმროში ღამის 4 საათზე იყო და 44 წუთი ითამაშა. და სათადარიგოთა სკამზე იმიტომ იყო, რომ იდაყვის პრობლემა ჰქონდა“, - თქვა მან, „ყოველ ჯერზე, როცა ვკითხე, სჭირდებოდა თუ არა შეცვლა, მითხრა, კარგად ვარო. საბოლოოდ 25 ქულით დაასრულა. არ ვიცი, რა ვთქვა“.
სერბი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოს ნაკრები 2024 წლის იანვარში ჩაიბარა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის მესამე წელს უახლოვდება და თავს იღბლიანად მიიჩნევს, რომ მის გუნდში 23-ე ნომერი თამაშობს.
თოკო შენგელია უბრალოდ განსხვავებულია.
„ჩემი საქმე უფრო მარტივია, რადგან ასეთი ტიპის ბიჭს ვწვრთნი. ჩემს ბიჭებს კი ცხოვრება უადვილდებათ, რადგან ასეთი კაპიტანი ჰყავთ“ - განაცხადა ჯიკიჩმა.
საქართველო ზედიზედ მეორე ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ზღვარზეა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მათი შთამაგონებელი კაპიტანია, რომელიც რაღაცნაირად მუდმივად პოულობს გზას, საკუთარ თავს აჯობოს."

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები