ამერიკელი ტეილორ ფრიცი შტუტგარტის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფინალში მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა რეიტინგის მესამე ნომერი ალექსანდრ ზვერევი 6:3 7:6 (0) დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
საინტერესოა, რომ ფრიცმა ზვერევს ზედიზედ მე-5 მატჩი მოუგო და ახლა ურთიერთშეხვედრებს 8:5 ლიდერობს.
ამერიკელისთვის ეს კარიერაში მე-9 ტიტული აღმოჩნდა, მათ შორის მეოთხე ბალახის კორტზე და პირველი - ამ სეზონში. ყველა სხვა ბალახის ტიტული ფრიცს ისტბურნში აქვს მოგებული 2019, 2022 და 2024 წლებში.
მოქმედი ჩოგბურთელებიდან 4 ან მეტი ტიტული ბალახის კორტებზე მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს (8), მატეო ბერეტინის (4) და ნიკოლას მაიოს (4) აქვთ მოგებული.
განახლებულ რეიტინგში ფრიცი მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს.
„საშინლად დამღალე. შენი დანახვა უახლოეს 2-3 წელიწადში აღარ მინდა. გთხოვ, ჩემგან თავი შორს დაიჭირე და გერმანიაშიც აღარ ჩამოხვიდე [ფრიცი ამის პასუხად იცინის],
არა, ვხუმრობ, რეალურად მაგარი ხარ და ეს ტიტულიც დაიმსახურე. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ამ საფარზე. დღეს ბევრად უკეთესი იყავი, გილოცავ შენ და შენს გუნდს. დარწმუნებული ვარ, ბალახის საფარზე მომდევნო ტურნირებზე საუცხოოდ გამოხვალ." - უთხრა ზვერევმა დაჯილდოვების ცერემონიაზე თავის ვიზავის.