საკალათბურთო ევროთასის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფემ მაქსიმა რომა მიიღო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, მატჩი მასპინძელთა მარტივი გამარჯვებით, 96:71 დასრულდა.
შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე მხოლოდ 15 წუთი და 8 წამი გაატარა. მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. შერმადინი მაღალი ეფექტურობით გამოირჩეოდა: მან 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 6 საჯარიმოდან კი 5 ზუსტად გამოიყენა. 5 მოხსნიდან 4 მან საკუთარ ფარზე შეასრულა, 1 კი მეტოქის ფარზე. ჯამში ცენტრმა 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
3 ტურის შემდეგ, ტენერიფეს ევროთასზე 2 გამარჯვება უგროვდება და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას გიორგის გუნდი სტუმრად, ფრანკფურტის წინააღმდეგ გამართავს.