საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ვეტერანმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა განაცხადა, რომ თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ეროვნულ გუნდს სიამოვნებით დაუბრუნდება.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში დაგეგმილ შეხვედრებში ნაკრებს NBA-ს კალათბურთელები (გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი) ვერ დაეხმარებიან, გუნდს წარმატების დიდი შანსი აქვს.
შერმადინმა აღნიშნა:
გული არ მითმენს, ვფიქრობ, თუ შემიძლია, დავეხმარო ნაკრებს ამ ოთხ შეხვედრაში გვერდში დავუდგე. ცხადია, თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს.
შეგახსენებთ, რომ შერმადინს გულის პრობლემების გამო მაისის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა აგვისტოდან ტენერიფესთან ერთად უკვე განაახლა ვარჯიში.
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის უახლოეს მატჩებს ნოემბერში გამართავს. 26 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთს შეხვდება, ხოლო 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.