მილანი და პარი სენ-ჟერმენი პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის, გონსალუ რამოშის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
მილანის ამბიციების მკაფიო დემონსტრირებად ითვლება ის ფაქტი, რომ ეს იქნება სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი მას შემდეგ, რაც 2019 წელს ინტერმა მანჩესტერ იუნაიტედიდან რომელუ ლუკაკუ 74 მილიონ ევროდ შეიძინა.
ასევე, ეს თანხა აღემატება იმ გადასახადს, რომელიც მილანმა 2019 წელს ლილს რაფაელ ლეაოს სანაცვლოდ გადაუხადა (50 მილიონი ევრო).
მილანმა 25 წლის ფეხბურთელის შეძენისთვის ევროპის არაერთ ელიტურ კლუბს აჯობა. გადამწყვეტი როლი ითამაშა კლუბის მფლობელ ჯერი კარდინალესა და პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის შორის არსებულმა ურთიერთობამ.
რამოში მილანში რუბენ ამორიმის ეპოქის პირველი ტრანსფერი გახდება. ამორიმი ფეხბურთელს პირადად იცნობს და სწორედ რამუში იყო მისი პრიორიტეტული არჩევანი პრობლემურ პოზიციაზე - ცენტრალური თავდამსხმელის როლისთვის.
მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თავად ფეხბურთელის სურვილიც, ეთამაშა ამორიმის ხელმძღვანელობით, რამაც მოლაპარაკებების სწრაფად დასრულებას შეუწყო ხელი.
რამოშმა სამედიცინო შემოწმება მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ფლორიდაში გაიარა, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კოლუმბიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება.
ფორვარდმა მიმდინარე ტურნირზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ დასრულებული მატჩის მიწურულს შეცვლაზე შევიდა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბონუსების ჩათვლით ტრანსფერის ღირებულება პარი სენ-ჟერმენისთვის 60-70 მილიონ ევროზე მეტიც შეიძლება გახდეს.