პარი სენ-ჟერმენმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარკ დე პრენსის შესყიდვაზე ოფიციალური მოლაპარაკებები განაახლა.
კლუბის მიზანი სტადიონზე სრული საკუთრების მოპოვებაა, რათა მასშტაბური რეკონსტრუქციის პროექტი დაიწყოს.
L'Equipe-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული სტადიონის ტევადობის 48 000-დან 60 000-70 000 მაყურებლამდე გაზრდას გეგმავს. პარიზის მერიამ უკვე გასცა შესაბამისი მანდატი, რათა სპეციალურმა კომისიამ და ტექნიკურმა ექსპერტებმა პროექტის დეტალები შეისწავლონ - შეფასდება როგორც ფინანსური მხარე, ისე ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია საცხოვრებელ უბანში.
მოლაპარაკებების განახლებისთვის პსჟ-ს ხელმძღვანელობას პოლიტიკური ბრძოლის გადალახვაც მოუწია, რადგან თავდაპირველ იდეას მწვანეთა პარტია ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, კლუბმა მემარჯვენე ოპოზიციის მხარდაჭერა მოიპოვა და საბჭოში საჭირო ხმები დააგროვა. მხარეები ამიერიდან ყოველ ოთხშაბათს შეხვდებიან ერთმანეთს, საბოლოო შეთანხმება კი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, საბჭოს კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული.