-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩს მძიმე მდგომარეობაში ხვდება. ბერნაბეუზე რეალ მადრიდის წინააღმდეგ განცდილი 0:3 მარცხის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდს ნამდვილი საფეხბურთო სასწაული სჭირდება. თუმცა, თუ კლუბის ისტორიას გადავხედავთ, ქალაქელებისთვის მსგავსი ვითარება უცხო არ არის.
ეს ისტორია მარადიულია. მეორე დივიზიონის პლეი-ოფის ფინალში, სიტი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე 0:2-ს აგებდა. როდესაც იმედი გადაწურული ჩანდა, ჰორლოკმა და დიკოვმა სასწაული მოახდინეს, ანგარიში გაათანაბრეს და გუნდმა პენალტების სერიაში მოიგო. ბევრისთვის ეს გამარჯვება კლუბის თანამედროვე ისტორიის მთავარი გარდამტეხი წერტილია.
პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად სიტის ქულა სჭირდებოდა, თუმცა მატჩი კოშმარულად დაიწყო და ბლექბერნი დაწინაურდა. მიუხედავად მეტოქის დიდი უპირატესობისა, შონ გოტერის გოლმა გუნდს ძალა მისცა, რასაც კიდევ სამი ბურთი მოჰყვა. შედეგად კი დამაჯერებელი გამარჯვება და ელიტაში დაბრუნება.
ეს იყო მატჩი, რომელსაც კევინ კიგანმა საუკეთესო თამაში უწოდა. ინგლისის თასზე სიტი პირველი ტაიმის შემდეგ 0:3-ს აგებდა და მოედანზე 10 კაცით იყო დარჩენილი. მეორე ნახევარში გუნდმა წარმოუდგენელი ხასიათი აჩვენა, იან მაკენის 90-ე წუთზე გატანილმა გოლმა კი სტადიონი შოკში ჩააგდო.
პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე დრამატული ფინალი. 44-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტულის მოსაგებად მოგება იყო საჭირო, თუმცა 91-ე წუთზე სიტი 1:2-ს აგებდა. ედინ ჯეკოსა და სერხიო აგუეროს გოლებმა დამატებულ წუთებზე ეტიჰადზე ნამდვილი სიგიჟე გამოიწვია და კლუბს ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა.
ისტორია 10 წლის შემდეგ განმეორდა. ტიტულისთვის ბრძოლაში გვარდიოლას გუნდი ვილასთან 0:2-ს აგებდა. ჩემპიონობის ბედი 5 წუთში გადაწყდა: გიუნდოგანის დუბლმა და როდრის გოლმა სტადიონი კვლავ ჰაერში აწია.
დღეს საღამოს მანჩესტერ სიტი ისევ ამ სულისკვეთების იმედადაა. შეძლებს თუ არა გვარდიოლას გუნდი რეალ მადრიდის ბარიერის დაძლევას? პასუხს ეტიჰადი გასცემს.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები