მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა, მათეუს კუნიამ გაამხილა, რომ პირადად ცდილობს კაზემიროს გუნდიდან წასვლა გადააფიქრებინოს. ბრაზილიელი ნახევარმცველის წასვლა სეზონის ბოლოს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა კუნია იმედს არ კარგავს.
იუნაიტედიდან წასვლა
წლის დასაწყისში კაზემირომ დაადასტურა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ზაფხულში კლუბს დატოვებს. მანჩესტერ იუნაიტედს ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ჰქონდა, თუმცა ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, მაღალი ხელფასის გამო, ამ ოფციით არ ისარგებლა.
ამის მიუხედავად, კაზემირო მოედანზე მაქსიმუმს აკეთებს და გუნდს მესამე ადგილის შენარჩუნებაში ეხმარება. გასულ კვირას, ასტონ ვილა წინააღმდეგ მოგებულ (3:1) მატჩში, ანგარიში სწორედ მან გახსნა, ბრუნო ფერნანდეშის ბრწყინვალე გადაცემა თავური დარტყმით დააგვირგვინა. ამის შემდეგ გოლები კუნიამ და შეშკომაც გაიტანეს.
გატანილი გოლის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "კიდევ ერთი წელი", რითაც ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულს დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, მაიკლ კერიკმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დიდი იმედი არ დატოვა, რომ კლუბი გადაწყვეტილებას შეცვლის.
კუნიას თხოვნა
ჟურნალისტ ფრედ კალდეირასთან საუბრისას, მათეუს კუნიამ აღიარა, რომ თანამემამულეს დარჩენას სთხოვს:
"სულ ვეკითხები: გეხვეწები, დარჩი მანჩესტერ იუნაიტედში! მხოლოდ ერთი წელი იყო ჩემთან ერთად, მოდი მეორე წელიც ვცადოთ... ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ის ყოველთვის მეხმარება და ჩემთვის დიდი პატივია მასთან ერთად თამაში როგორც კლუბში, ისე ბრაზილიის ნაკრებში."
კუნიამ ასევე აღნიშნა, რომ კაზემიროსგან ბევრს სწავლობს: "მისგან ვიგებ, როგორ მოიგო ამდენი ტიტული. მან მიაღწია იმ ეტაპს, სადაც თავად წყვეტს, სად ითამაშოს. იმედი მაქვს, ისევ ჩვენთან დარჩება."