დორტმუნდის ბორუსია ნიკო შლოტერბეკთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობს.
Bild-ის ინფორმაციით, კლუბი მცველს გრძელვადიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი წელიწადში 14 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ასევე, ბორუსია მზად არის კონტრაქტში ჩაწეროს გამოსასყიდი თანხა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის მოხვედრის მიხედვით შეიცვლება — ტურნირზე კვალიფიკაციის შემთხვევაში ეს ციფრი 60 მილიონი ევრო იქნება, ხოლო თუ გუნდი ოთხეულს მიღმა დარჩება, დაახლოებით 10 მილიონით ნაკლები.
გერმანელი მცველის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდეა ძალაში. შლოტერბეკს ჯერჯერობით თანხმობა არ უთქვამს, კლუბი კი მისგან საბოლოო პასუხს მარტის შუა რიცხვებამდე ელოდება.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის რეალი იჩენს. ესპანური კლუბი ზაფხულში ორი ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად ცაცია უნდა იყოს. სწორედ ამ კრიტერიუმით განიხილება შლოტერბეკის კანდიდატურა, რომლის ტრანსფერიც, შესაძლოა, 40-50 მილიონი ევრო დაჯდეს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 წლის შლოტერბეკმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.