კადისის მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის გარშემო არსებული ვითარება კვლავ ბურუსით არის მოცული.
ადგილობრივი მედია მის ტრავმასა და უახლოესი მატჩების სავარაუდო გამოტოვებაზე წუხს. ალავესთან გასვლით შეხვედრაში კოჭის დაზიანების მიზეზით შეცვლილი ქართველი ფეხბურთელი კლუბის ბოლო დახურულ ვარჯიშზე არ გამოჩენილა, რამაც ჟურნალისტებში პესიმისტური პროგნოზები გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, არსებობს საფუძვლიანი იმედი, რომ გოჩოლეიშვილის არყოფნა ვარჯიშზე შესაძლოა სულაც არ უკავშირდებოდეს მძიმე ტრავმას. ვარჯიშის პარალელურად, კადისმა გიორგი და კიდევ ორი ახალწვეული კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში გულშემატკივრებს შეახვედრა.
პრეზენტაციას მრავალი ქომაგი, განსაკუთრებით კი ბავშვები დაესწრნენ. შესაძლოა ფეხბურთელს გუნდურ მომზადებაში მონაწილეობას სწორედ ამან შეუშალა ხელი.
ანდალუსიური კლუბი ლა ლიგა 2-ის სტარტზე რთულ პერიოდს გადის და ოთხ შეხვედრაში მოგების გარეშეა, ხოლო იური ტაბატაძის ტრავმის შემდეგ, გოჩოლეიშვილის შესაძლო დანაკლისი ალბერტ სელადესისთვის დამატებითი თავის ტკივილი იქნება.
კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ვითარება უახლოეს პრესკონფერენციაზე სრულად გაირკვევა.