ბარსელონამ ოფიციალური განცხადებით მკაცრად დაგმო ელჩესთან მატჩის წინ პოლიციის მიერ გულშემატკივრების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება.
საქმე ეხება ელჩესთან გასვლითი მატჩის წინ, მარტინეს ვალეროს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბის წევრებისა და გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან აგრესიას.
კლუბი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი გულშემატკივრის დაკავების პროცედურის გამართლება ყველანაირად შეუძლებელია. ბარსელონა დაზარალებულ ფანსა და მის ოჯახს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
განცხადებაში მკაცრად არის დაგმობილი პოლიციის ქმედება, რომელმაც ბარსას გულშემატკივრებს კატალონიის დამოუკიდებლობის, ესტელადას დროშები ჩამოართვა. კლუბი განმარტავს, რომ ესტელადა ლეგალურად აღიარებული სიმბოლოა და მისი გამოფენა გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმური ფორმაა, რომელიც ძალადობისკენ მოწოდებად ვერ ჩაითვლება.
ბარსელონა მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებებს ელის და იტოვებს უფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა თავისი ფანების უფლებების დასაცავად.