ოლიმპიადაზე გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ სპორტის ბევრი სახეობა ექცევა, ეს მრავალფეროვნება მაყურებელს იზიდავს და მათ საშუალებას აძლევს, რომ ბევრი სიახლე აღმოაჩინოს.
წელს პარიზში უკვე მეორედ ოლიმპიურ თამაშებზე სკეიტბორდინგს ვხედავთ. ამ სპორტის დებიუტი 2021 წელს ტოკიოში შედგა.
სკეიტბორდინგში 4 ღონისძიება ტარდება - კაცთა და ქალთა კატეგორია კიდევ 2-2 დისციპლინად იყოფა - პარკისა და ქუჩის სკეიტბორდინგი.
სადებიუტო ოლიმპიადამ იაპონელების დომინაციით ჩაიარა და მათ 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სკეიტბორდინგში ასაკით პატარა სპორტსმენებს შევხვდებით, მაგალითისთვის 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი 13 წლის მომიჯი ნიშია გახდა.
წელს პარიზში ამ სპორტის სახეობაში 88 სპორტსმენი ასპარეზობს, ერთი ღონისძიება უკვე ჩატარდა ქალთა და კაცთა შორის ქუჩის სკეიტბორდინგში. ქალთა შორის მედალი სამმა თინეიჯერმა მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 14 წლის იაპონელი კოკო იოშიზავა გახდა, ვერცხლი 15 წლის იაპონელმა ლიზ აკამამ დაიმსახურა, ბრინჯაოსმედალოსანი კი 16 წლის ბრაზილიელი რაისა ლეალი გახდა.
კაცთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი იუტო ჰორიგომე გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი ამერიკელება მოიპოვეს - იაგერ იტონმა და ნაიჯა ჰასტონმა.

როგორ მუშაობს ოლიმპიური სკეიტბორდინგი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი დისციპლინაა - ქუჩისა და პარკის.
ქუჩის დისციპლინაში ვხვდებით კიბეებსა და ხელის მოაჯირებს, სპორტსმენებს ორი 45-წამიანი რაუნდი ეძლევათ, რომ 5 ტრიუკი შეასრულონ, საუკეთესო რაუნდებისა და ტრიუკების შემსრულებლებს კი მაღალი ქულა ენიჭებათ.
პარკის დისციპლინაში სკეიტბორდინგის სპეციალური მოედანია მოწყობილი, სადაც მონაწილეებს სამი 45-წამიანი რაუნდი ეძლევათ და მათ ასევე გამორჩეული ტრიუკები უნდა შეასრულონ.
როგორია ამ სპორტის გეოგრაფია?
სკეიტბორდინგის გამოგონება ამერიკელებს მიეწერებათ, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ტოკიოს სადებიუტო ოლიმპიადამ იაპონელების დომინაციით ჩაიარა და წელსაც ასეა მოსალოდნელი.
როგორც მიხვდით, ამ სპორტის სახეობის საშუალო ასაკი საკმაოდ დაბალია, თუმცა წლევანდელ ოლიმპიადაზე გამოსარჩევია ბრიტანელი ენდი მაკდონალდი, რომელიც 50 წლის ასაკშიც ახერხებს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს კონკურენცია გაუწიოს.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე სწორედ სკეიტბორდერია - 11 წლის ჩინელი ჟენგ ჰაოჰაო.
6 აგვისტოს პარკის დისციპლინაში ქალების ღონისძიება გაიმართება, 7 აგვისტოს კი - კაცების.