მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის რიგით მე-2 ბრძოლა UFC 323-ზე შედგება. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა გამოაცხადა.
უაითის ინფორმაციით, ბრძოლა 6 დეკემბერს ჩაინიშნა და UFC 323-ის მთავარი მოვლენა იქნება. ქართველი მანქანა სუპერ მსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის დაცვას მეოთხედ შეეცდება და ეს ისევ 2025 წელს მოხდება.
კორი სენდჰეგენის დამარცხების შედეგად, მერაბმა UFC-ში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და ქამარი მესამედ დაიცვა - სულ კარიერაში ჩატარებული 25 ბრძოლიდან 21 მოგებული აქვს.
„ვფიქრობ, პიოტრ იანთან ჩხუბი კარგი ვარიანტი იქნებოდა. ის მზადაა და მე ყოველთვის ვამბობ, რომ მინდა დაკავებული ვიყო. თუ დეკემბერში ადგილი გექნებათ, ამას ჩემს გეგმებში სიამოვნებით შევიტანდი", - აღნიშნა დვალიშვილმა სწორედ სენდჰეგენთან ბრძოლის შემდეგ.
დვალიშვილი და იანი ერთმანეთს 2023 წლის 11 მარტს შეხვდნენ - ქართველმა რუსს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო. იანი მას შემდეგ ოქტაგონზე 3-ჯერ გამოვიდა და სამივე ბრძოლა მოიგო - იანდონთან, ფიგეირედოსთან და მაკგისთან. პიოტრს UFC-ში 19 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს.