ჩელსის ყოფილმა ტალანტმა, ტარიკ ლემპტიმ, ფიორენტინასთან მხოლოდ 25 წუთის თამაშის შემდეგ კონტრაქტი გაწყვიტა.
2019 წელს, 19 წლის ლემპტის დებიუტი ჩელსის რიგებში არსენალის წინააღმდეგ ემირეითსზე შედგა. მაშინ ფრენკ ლემპარდი ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.
სათამაშო პრაქტიკის ძიებაში მან გუნდი მალევე დატოვა და ბრაიტონს შეუერთდა, სადაც 5 წელი დაჰყო და 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
გასულ ზაფხულს ის ფიორენტინაში გადავიდა, მაგრამ მისი იტალიური ვოიაჟი ნაადრევად დასრულდა. სექტემბერში, ნაპოლისთან ოთხწუთიანი გამოსვლის შემდეგ, მან პირველივე ძირითად მატჩში კომოს წინააღმდეგ მუხლის იოგები გაიწყვიტა. რვათვიანი უთამაშობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მან კლუბთან ხელშეკრულება გააუქმა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეხვდება.
ახლა უკვე 25 წლის ფეხბურთელს საშინელი იღბალი აქვს. ბრაიტონში გატარებული ხუთი სეზონის განმავლობაში მან 15 სხვადასხვა ტრავმა მიიღო. ფიორენტინაში მიღებული დაზიანების ჩათვლით, ლემპტის თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში 981 დღე აქვს გატარებული ლაზარეთში და გამოტოვებული აქვს 148 მატჩი.
ლემპტი იმედოვნებს, რომ მისი ტრავმების სერია უკვე წარსულს ჩაბარდა და ის შეძლებს წარმატების მიღწევას ნებისმიერ კლუბში, რომელშიც გადასვლას გადაწყვეტს.