მონტენეგროში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მე-3 დღეს მორიგი მედალი ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპოვა.
ტატომ პირველ დაპირისპირებაში იუკოთი მოუგო უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს და მომდევნო ეტაპზე კი ჩეხი იან სვობოდა იპონით დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
1/4 ფინალში გრიგალაშვილმა იპონით მოუგო ბულგარელ ჰრისტო ვალკოვს და 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ტატომ აზერბაიჯანელ ზელიმ ტკაევს დამატებით დროში იპონით მოუგო.
ფინალში ქართველი IJF-ის დროშის ქვეშ მოასპარეზე რუს არბუზოვთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატებზე მე-5 მედალი მოიპოვა, აქამდე მისი მონაგარი 3 ოქრო (2020, 2022, 2024) და 1 ვერცხლი (2023) იყო, ახლა კი ის კვლავ ვერცხლის პრიზიორი გახდა.
დღეს კიდევ სამმა ქართველმა იასპარეზა - ლუკა მაისურაძე (-90 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილი (-90 კგ) რეპეშაჟჟი დამარცხდნენ და მე-7 ადგილი დაიკავეს.
მარიამ ჭანტურია კი თავის დაპირისპირებაში ვაზარით ამარცხებდა პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკას, თუმცა შეხვედრის მიწურულს შებოჭვაზე მოყვა და დამარცხდა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს საქართველოს მე-3 მედალია, გიორგი სარდალაშვილმა ოქრო, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლი მოიპოვეს.