2025 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება (20:00).
ქართველების პირველ ორ მატჩში თამაშის ბედი ბოლო წუთებზე გატანილმა გოლებმა გადაწყვიტა - პირველ ტურში პოლონეთთან გორდეზიანის გოლით მოვიგეთ, მეორე ტურში საფრანგეთთან კი ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 3-2 დავმარცხდით.
ეს ძალიან დასანანი მარცხი აღმოჩნდა, რადგან 89-ე წუთზე ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 2-1 იყო და მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეიოფის საგზურს გაინაღდებდა. მიუხედავად ბოლო წუთებზე გაშვებული 2 გოლისა, რამაზ სვანაძის გუნდი მხოლოდ თავის თავზე და პორტუგალიასთან გასამრთ მატჩზეა დამოკიდებული.
გუნდები წინა ახალგაზრდულ ევროზეც შეხვდნენ ერთმანეთს. 2 წლის წინ თბილისში, პორტუგალია 2-0 დავამარცხეთ და საბოლოოდ ის ჯგუფი დავძლიეთ კიდეც. ახლაც იმავე სცენარის განმეორებაზე უარს არ ვიტყვით.
2023 წელს იმ ჯგუფიდან პორტუგალიაც გავიდა, თუმცა მათ 2021 წლის ფინალში გასვლის შედეგი ვერ გაიმეორეს და ტურნირის გამარჯვებულ ინგლისთან 1/4 ფინალში 1-0 დამარცხდნენ.
ტურნირამდე გამართულ 6 მატჩში გაშვებული გოლის შემდეგ, პორტუგალიამ ამ ევროზე ჩატარებულ ორივე შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა - საფრანგეთთან (0-0) და პოლონეთთან (5-0).
საქართველოსთან არწაგების შემთხვევაში პორტუგალიელებს ბოლო 3-დან ორ შემთხვევაში ევროს ჯგუფური ეტაპი წაუგებლად ექნებათ დაძლეული.
ქართველთა პირველი ორი მატჩის შემდეგ კარგი სტატისტიკა აქვს ვასილიოს გორდეზიანს, რომლის ანგარიშზეც 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, პორტუგალიელთა მხრიდან კი გამოსარჩევი ჯოვანი კენდაა, რომელმაც პოლონეთთან დუბლი და ასისტი მიითვალა.
საინტერესო სტატისტიკაა, რომ საქართველომ ევროს ჯგუფურ ეტაპზე გამართული 5 მატჩიდან 4-ჯერ 2 გოლის გატანა მოახერხა. იმედია, ეს ფაქტი ახლაც განმეორდება და ზედიზედ მე-3 წელსაც დავამარცხებთ პორტუგალიის ნაკრებს.
"თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს" - სვანაძე გადამწყვეტი მატჩის წინ