საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი შეხვედრის წინ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა.
"განწყობა ძალიან კარგია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ვიმყოფებით ევროპის ჩემპიონატზე. ვთამაშობთ ძალიან მაღალი დონის თამაშებს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გვაქვს რეალური შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე ქვეყნისთვის და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები. მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები.
ამ ნაკრებმა ბევრი რამ დაამტკიცა. მათ შორის ის, რომ ეს გუნდი უკვე შედგა. მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშით დასრულდება შეხვედრა. ისევე როგორც წინა თაობა იყო წარმატებული, ეს თაობაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში.
ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ურთულეს მეტოქესთან დავაფიქსიროთ სასურველი შედეგი. მინდა ვნახო მოედანზე გუნდი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვყავდა. ის ფილოსოფია და მენტალობა, რომელიც სულ გვქონდა.
წინა თამაშებმა ძალიან დიდი ენერგია წაიღო და დღესაც აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ამ რიტმში თამაშს არ არის შეჩვეული. თუმცა, ისეთი დღეა, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და ვეცდებით, რომ ეს გავაკეთოთ". - სვანაძის სიტყვებს ნაკრების გვერდი ავრცელებს.
საქართველო - პორტუგალიის მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდება.
გადამწყვეტი მატჩი - ჩვენებს მხოლოდ მოგება სჭირდებათ